საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩოჩიამ ორპირი-ცუცხვათი-მღვიმეს 10.47 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ორპირი – ცუცხვათი – მღვიმეს სარეაბილიტაციო მონაკვეთი ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-9 კილომეტრზე მდებარე გადასახვევიდან იწყება, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფლებს (ორპირი, კოკა, ოხომირა და ცუცხვათი) გაივლის და სოფელ ცუცხვათთან მთავრდება. აღნიშნულ გზას ისტორიული ცუცხვათის ციხის ნანგრევებთან და კასტრული მღვიმისკენ მიმავალი მთის ბილიკის დასაწყისთან მივყავართ, რაც ტურისტული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გზას რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებია და თითქმის სრულად ამორტიზებული იყო.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: გზის საფარის, ხელოვნური ნაგებობების და მონაკვეთზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია. მოეწყობა გაბიონის საყრდენი კედლები, საგზაო ნიშნები, ზღუდარები და მიმმართველი ბოძკინტები. გზის სავალი ნაწილი მოინიშნება. ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 999 170.34 ლარია. სამუშაოები 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და 2018 წლის იანვარში დასრულდება.