საქართველოს პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა კომპანია ფრონტერასა და ამერიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალინის ამ დღეებში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ისეთი კომპრადორული ტიპის პოლიტიკოსს, როგორიც მალინია, უფლება არ უნდა ეძლეოდეს ქართული სახელმწიფოს მიმართ აკეთოს მსგავსი ტიპის განცხადებები. ამასთანავე, ბექა ნაცვლიშვილმა გააკრიტიკა ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც მალინის განცხადებას აღფრთოვანებით გამოეხმაურნენ და აღნიშნა, რომ მსგავსი პოლიტიკოსების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს.
„ქართველი პოლიტიკოსების გუშინდელმა განცხადებებმა კონგრესმენ მალინის წერილთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოაჩინა ქართული პოლიტიკური კლასის პროვინციული ხასიათი. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამ წერილს დიდი სიხარულით შეხვდა, არის კოლონიური ცნობიერების პოლიტიკოსი იმიტომ, რომ ვისი მორჩილი იქნები – ამერიკის თუ რუსეთის მორჩილი – ხარ მორჩილი და ასეთი პოლიტიკოსების ადგილი, ზოგადად, პოლიტიკაში არ არის“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, კრიტიკას ვერ უძლებს ფრონტერას საქმიანობაც საქართველოში, სადაც თავისი დასაქმებულებისათვის მეთერთმეტე თვეა ხელფასი არ გადაუხდია.
„ზოგადად, ასეთი კომპრადორული ტიპის პოლიტიკოსს უფლება არ უნდა ეძლეოდეს ქართული სახელმწიფოს მიმართ მსგავსი განცხადება გააკეთოს იმიტომ, რომ ვისაც რეალურად აინტერესებს რა ხდება ფრონტერაში, შეუძლია ჩავიდეს დედოფლისწყაროში, სადაც თერთმეტი თვის ხელფასი არ აუღიათ იქ დასაქმებულებს და ვისაც გული შესტკივა კომპანია ფრონტერას მიმართ, გადახედოს ამ კომპანიის საქმიანობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ და, შესაბამისად, გამოავლინოს ადეკვატური რეაქცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. იქ ადამიანებს არც სპეცაღჭურვილობა აქვთ, რითიც უნდა მუშაობდნენ და თერთმეტი თვის ხელფასი არ აუღიათ და რომელიღაცა პოლიტიკოსი, ამერიკელი, არ ვიცი რა მოტივაციით – ფული აქვს აღებული, თუ გაუთვითცნობიერებელია ამ ვითარებაში, თავს უფლებას აძლევს, რომ ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს, რაც არის ძალიან ცუდი. კონგრესმენი ამ განცხადებით იმ კომპანიის „უფლებებს“ იცავს, რომელიც პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოში და ექსპლუატაციას ახდენს საქართველოს მოქალაქეების და იქ დასაქმებულების“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელმაც ასე სიხარულით გაიზიარა კონგრესმენ მალინის განცხადება, არის ჩვეულებრივი კოლონიური მენტალობის და ცნობიერების ადამიანი, რომელთაც ამ ქვეყნის ბედი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავუგდოთ ხელში“.