ირინა აბულაძე USAID-ის მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერსა და დემოკრატიისა და სოციალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

09/07/2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე USAID-ის მისიის დირექტორს, პიტერ ვიბლერსა და დემოკრატიისა და სოციალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს, ადამ შმიდტს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ამერიკის მთავრობის მხარდაჭერის პროგრამა განათლების სექტორში, კონკრეტულად კი USAID-ის წარმატებული თანამშრომლობა დაწყებითი და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. სტუმრებმა მზაობა გამოხატეს ახალი ინიციატივების ფარგლებში ხელი შეუწყონ განათლების რეფორმის მასშტაბის გაზრდას. ამ მიზნით 2019 წლის განმავლობაში აშშ-ის საგრანტო დაფინანსებით ორი ახალი პროექტი დაიწყება.
ახალი პროექტი ზოგადი განათლების სექტორზე, კერძოდ, დაწყებითი განათლების საფეხურზე მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნაზე იქნება ფოკუსირებული, ასევე, მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკის, ინოვაციურობისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისკენ იქნება მიმართული. შემუშავდება პროფესიული განვითარების მოდულები, დამხმარე რესურსები. ასევე, ყურადღება დაეთმობა მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკა და საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ჯილდოს შეთავაზების გადაწყვეტილება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0