ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა

17/02/2020

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფარული კენჭისყრით, მიიჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ასევე, ფარული კენჭისყრით, მხარი დაუჭირა პარლამენტის მიერ საქართველოს გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის არჩევას. ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა. კომიტეტის სხდომის დასაწყისში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის წევრებს ირაკლი შოთაძის ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო, რის შემდეგაც სიტყვა გენერალური პროკურორობის კანდიდატს გადასცა.

„ჩემთვის დიდი პატივია წარვდგე პარლამენტის წინაშე როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატი, ვინაიდან პარლამენტი არის ის უწყება, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გენერალური პროკურორის შერჩევის უმნიშვნელოვანეს პროცესში“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მან ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა, ასევე მთავარი პროკურორობის პერიოდში გაწეულ საქმიანობაზე და პროკურატურის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე,

„ჩემთვის გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. რამდენიმე წლის განმავლობაში მთავარი პროკურორის თანამდებობა, რომელიც ვადაზე ადრე, საკუთარი გადაწყვეტილებით დავტოვე საზოგადოებისთვის ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით. ჩემი მთავარი პროკურორობის პერიოდში, თითოეული ჩემი სამუშაო დღე მიმართული იყო პროკურატურის გაძლიერებისკენ, ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვისაკენ, ასევე პროკურატურის თანამშრომლების ინტერესების უზრუნველყოფისკენ. მთავარ პროკურორად მუშაობის პერიოდში აღნიშნული მიმართულებებით მქონდა მთელი რიგი წარმატებები“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა სხდომის მონაწილეებს გააცნო საკუთარი პროგრამა, საქართველოს პროკურატურის განვითარების გეგმა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ირაკლი შოთაძემ პარლამენტის წევრების და მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც შეეხებოდა: გამოძიების ჭრილში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას შორის კოორდინაციას; პროკურორსა და გამომძიებელს შორის ფუნქციების კიდევ უფრო გამიჯვნას; 2003 -2011 წლებში გათავისუფლებულ პროკურორებს; საგამოძიებო ვადებს; ნარკოპოლიტიკას; გიგი უგულავას საქმეს, კერძოდ, რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ გაფლანგული 48 მილიონი ლარი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნდეს; არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს და ამ მიმართულებით პარლამენტთან თანამშრომლობას; საჩივრებზე პროკურატურის მხრიდან დროულ და ეფექტურ რეაგირებას; სამართლიანობის აღდგენას, მათ შორის, ადამიანებისთვის უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას; დავით სარალიძის მკვლელობის საქმეს; პროკურატურის კორუფციასთან ბრძოლას; კიბერუსაფრთხოებას; საერთაშორისო დანაშაულს და სხვა საკითხებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0