საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კოლუმბიის ოლქის პროკურორს ჩენინგ ფილიფსს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობებზე ისაუბრეს. ჩენინგ ფილიფსმა საქართველოს მთავარ პროკურორს კოლუმბიის ოლქის პროკურატურის სტრუქტურა, მოწმისა და დაზარალებულის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების მუშაობის სპეციფიკა გააცნო.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კოლუმბიის ოლქის პროკურორს საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, ასევე პროკურატურის განვითარების ექვსწლიანი სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე ესაუბრა. საუბარი შეეხო უწყების პრიორიტეტებსა და საქართველოს პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებს.
შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს დახმარებით საქართველოში კოლუმბიის ოლქის პროკურატურის წარმომადგენლები ჩამოვლენ და საქართველოს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის სამსახურის თანამშრომლების გადამზადებაში მიიღებენ მონაწილეობას. ასევე კოლუმბიის ოლქის პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მონაწილეობით მოეწყობა სემინარები.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზაობა და სურვილი გააღრმავონ თანამშრომლობა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის დელეგაციამ, რომელსაც მთავარ პროკურორთან ერთად მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და ქ. თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი წარმოადგენენ, შეხვედრები გამართა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორთან ჯეიმს კომეისთან, აშშ-ს პროკურორთა აღმასრულებელი ოფისის დირექტორთან მონტი ვილკინსონთან, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საქმეთა ოფისის წარმომადგენლებთან და კოლუმბიის ოლქის სასამართლოს მოსამართლე რასელ ფ.ქანანთან.
ირაკლი შოთაძე კოლუმბიის ოლქის პროკურორს შეხვდა
13/05/2016