ირაკლი შოთაძემ, სამართლებრივ საკითხებში ამერიკელ ექსპერტთან დევიდ მარტინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

23/11/2021

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, სამართლებრივ საკითხებში ამერიკელ ექსპერტთან დევიდ მარტინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტების წარმომადგენლები. დევიდ მარტინი გაეცნო ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის პოლიტიკას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტებს, განხორციელებულ რეფორმებს, მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. დევიდ მარტინი საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით, ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა და სამკვირიანი ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებს გამართავს სპეციალიზებულ პროკურორებთან, მოსამართლეებთან, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებთან, ადვოკატებთან, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების საკითხებზე მომუშავე სხვა უწყებებთან. ასევე, ჩაატარებს ტრენერთა ტრენინგს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ოჯახში ძალადობის, სქესობრივი დანაშაულების საკითხებზე სპეციალიზებულ პროკურორებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მულტისექტორული სამუშაო შეხვედრა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე. დევიდ მარტინი ამერიკის შეერთებულ შტატებში (სიეტლში, ვაშინგტონის შტატი) 23 წელზე მეტია ხელმძღვანელობს ოჯახში ძალადობის სპეციალიზებულ დეპარტამენტს. მას აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება როგორც აკადემიური, ისე პრაქტიკული საქმიანობის კუთხით. დევიდ მარტინი ოჯახში ძალადობის შესახებ კანონების და კანონქვემდებარე აქტების, ავტორია, ასევე აღდგენითი მართლსამჯულების სფეროში დანერგილი აქვს ინოვაციური რეფორმები და დღემდე აქტიურად ახორციელებს საპროკურორო საქმიანობას სპეციალიზებულ დანაყოფში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0