ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ შარლ მიშელის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, მისი პირადი წარმომადგენლის უშუალო ჩართულობას ევროკავშირის მიერ ინიციირებულ პოლიტიკურ დიალოგში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენი ხელისუფლების მზაობას შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის მხარდაჭერილ ყველა ფორმატში, რომელიც პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას და დეესკალაციას შეუწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა ასევე განიხილეს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ყველა მხარემ იხელმძღვანელოს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით, ვინაიდან მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი დეპოლარიზაცია და კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღება. საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ბრიუსელში, რომლის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ისე – ნატოში. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფორმატში კი, განიხილავენ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიღწეულ პროგრესს და წარმატებას.
პრემიერმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ყველა შესაბამის ნაბიჯს, რომ 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.
“მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო გულწრფელი მადლიერებით პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა ამ პროცესში. კარგად მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა არ არის ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებით და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მის და ევროკავშირის ინტერესს. ეს ფაქტი ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის და, რა თქმა უნდა, არის ნდობის გამოხატულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას ყველა აქტორს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას და ჩვენ ასეთივე პათოსით, ასეთივე სულისკვეთებით, პასუხისმგებლობით გამსჭვალული უნდა მოვეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. მინდა კიდევ ერთხელ სრული მზაობა გამოვხატო და დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ეს არაერთხელ განგვიცხადებია, მათ შორის, ოპოზიციასთან შეხვედრების დროს არაერთ ფორმატში. მინდა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დავადასტურო აღნიშნული მზაობა. ბატონი დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი. მინდა მას კიდევ ერთხელ მივესალმო თბილისში. იგი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება ძალიან მოკლე დროში. მაქვს კონსტრუქციული დიალოგის და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის იმედი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.