ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა

08/02/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც 2023 წელს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო “საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030-ის” იმპლემენტაციის დინამიკას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ყველა იმ ძირითადი პროგრამისა და პროექტის შესახებ, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს განათლების სისტემის ყველა საფეხურზე იგეგმება. შეხვედრისას ხაზი გაესვა 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ ეტაპზე, 2022 წელს, სააგენტომ გამოაცხადა და უკვე დასრულებულია ტენდერები 2022-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 320 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციაზე და მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები 80 სკოლის მშენებლობაზე. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სკოლების შერჩევა რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან კონსულტაციით, შენობათა ტექნიკური და აუდიტორული შესწავლის შედეგად განხორციელდა – პირველ ეტაპზე შეირჩა ის სკოლები, რომლებიც რეაბილიტაცია/მშენებლობას ყველაზე მეტად საჭიროებდა. პროექტის მომდევნო ეტაპზე 2024-2026 წლებში დარჩენილი 400 სკოლის საპროექტო/სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი საგანმანათლებლო რესურსებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. რეაბილიტაციისა და ახალი სკოლების მშენებლობის დროს გათვალისწინებულია მათი აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც 2023 წელს ორი მილიარდ ოცდაათი მილიონ რვაასი ათასი (2,030.8 მლნ) ლარით განისაზღვრა და 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 345,9 მლნ ლარით აღემატება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი განათლებისა და მეცნიერების სფეროში უკვე მიღწეული შედეგების გაუმჯობესებისა და მიმდინარე კომპლექსური რეფორმის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელების საშუალებას იძლევა.
შეხვედრის მონაწილეებმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ 2023 წლიდან სისტემაში პირველად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით, დაიწყებს როგორც საჯარო, ასევე კერძო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების დიაგნოსტიკური თვითშეფასებისა და მათი მხარდაჭერის პროცესს ავტორიზაციის გავლის მიზნით. ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2023 წელს დაიწყება და 2030 წელს დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს სკოლამდელი განათლების საფეხურიდანვე სახელმწიფო ენის სწავლების გაუმჯობესებისთვის სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში აქტიურად გაგრძელდება ბილინგვური განათლების დანერგვა. ზოგადი განათლების მიმართულებით პროექტებზე საუბრისას აღინიშნა, რომ 2022 წელს სისტემაში განხორციელებული ყველა სკოლის თვითშეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ავტორიზაციის პროცესი დაიგეგმება. 2023 წელს ავტორიზაციის პროცესი 400-მდე სკოლაში განხორციელდება. რეფორმის მიმდინარეობისას განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სკოლის დირექტორთა მხარდაჭერაზე. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრომ დაიწყო და 2023 წელს დასრულდება სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლებში თანამედროვე სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებას. ამ მიზნით, 2023 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელება იგეგმება. მათ შორის:
• დაიწყება სკოლების აღჭურვა კომპიუტერული ტექნიკით და კომპიუტერული ლაბორატორიებით.
• სკოლებში ინტენსიურად გაგრძელდება მესამე თაობის, კომპეტენციებზე დაფუძნებული ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებისა და დანერგვის პროცესი.
• 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება XI კლასის და ასევე I, II კლასების სახელმძღვანელოთა გრიფირება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ხარისხს. პარალელურად, განხორციელდება ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების თარგმნა ეროვნული უმცირესობების ენებზე.
• ინტერაქტიური რესურსის შექმნის მიზნით საპილოტედ გაციფრულდება რამდენიმე სახელმძღვანელო.
• მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და შემოქმედებითობის განვითარების მიზნით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობით, ჭადრაკის სწავლება გაფართოვდება და მეორე კლასშიც გაგრძელდება.
• გაიზრდება საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება” და „სამხედრო საქმე” დაფარვის არეალი. ამ მიზნით გამოცხადდება თადარიგში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა შესარჩევი კონკურსი და სპეციალური გადამზადება.
• „საქართველოს ისტორიის”, როგორც დამოუკიდებელი საგნის სწავლება მე-11 კლასში გაგრძელდება. ამ მიზნით მიმდინარეობს სახელმძღვანელოს გრიფირება.
• არაფორმალური განათლების მიმართულებით დაგეგმილია მოსწავლეთა ბანაკების ორგანიზება, სასკოლო ბიბლიოთეკების განახლება და მოსწავლეებისთვის ფესტივალებისა და ღონისძიებების დაგეგმვა.
• გაგრძელდება მოსწავლეთა სასკოლო ოლიმპიადები და საგნობრივი ნაკრებების დაფინანსება ევროპულ და მსოფლიო საერთაშორისო ტურნირებზე.
• საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით ფუნქციონირებას განაგრძობს საგანმანათლებლო პროექტი „პირველი არხი – განათლება”. 2023 წლისთვის განახლდება პროგრამა და ორიენტირებული იქნება მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტი შემეცნებითი ხასიათის გადაცემების შეთავაზებაზე.
• 2023 წელს გაფართოვდება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო ენის გაძლიერებით.

შეხვედრის მონაწილეებმა პროფესიულ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხზე იმსჯელეს. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს აქტიურად გრძელდება მუშაობა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების მიმართულებით თბილისსა და შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ბორჯომში, ბათუმში, ახალქალაქში, ბოლნისში, ამბროლაურში, ქობულეთში, თელავში, მესტიაში, ფოთსა და ხობში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, 2023 წელს საქართველოს 30 საჯარო სკოლაში შეიქმნება პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამჟამად პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. შეხვედრისას განსაკუთრებით გამოიყო პროფესიული განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის საკითხი. კერძოდ, აღინიშნა, რომ 2023 წელს დაინერგება გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელების რეგულაციები, რაც უცხოურ სასწავლებლებთან ერთად პროფესიული პროგრამების განხორციელების საშუალებას შექმნის. ამასთან, გაიზრდება Erasmus+ პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა. გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. საერთაშორისო სტანდარტის სწავლების ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს კოლეჯებში კიდევ უფრო მეტი უცხოელი მასწავლებელი ჩაერთვება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ლოზანას EHL-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლასთან აქტიურად ითანამშრომლებს ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით. მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება მუშაობა საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების მიმართულებით – გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) თანამშრომლობით დაიწყება ახალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი ახალი ექსელენს ცენტრი განვითარდება: თელავის ღვინის სკოლა და დუშეთის ტურიზმის სკოლა. ასევე, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აქტიურად გაგრძელდება თბილისში ტრანსპორტის/ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულების ექსელენს ცენტრის განვითარების პროცესი. ამასთან, დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები გურჯაანში, სადაც სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, შენდება კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია. პროფესიული განათლების მასწავლებელთა საათობრივი ანაზღაურება 2023 წელს 20%-ით გაიზარდა.
2023 წელს პროფესიული უნარების სააგენტო, ბიზნეს სექტორთან ერთად, აქტიურად გააგრძელებს მუშაობას შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროგრამების შემუშავების, ინტეგრირებული და დუალური პროგრამების მასშტაბის ზრდის, სტუდენტთა დასაქმების ხელშემწყობი სერვისების გაუმჯობესებისა და სხვა მიმართულებებით. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს განათლების სისტემის მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახლდათ. აღინიშნა, რომ 2023 წელს გაგრძელდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარება როგორც აკადემიური პროგრამების, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების გაფართოების კუთხით.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამების ანალოგს წარმოადგენს. მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად ჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია. მნიშვნელოვანია, რომ ფონდ „ქართუს” დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ჩაერთვებიან, რომლებიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას სამეცნიერო-კვლევით პროცესში და ქართველ კოლეგებთან ერთად მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტებს განახორციელებენ. საუბრისას ასევე აღინიშნა, რომ სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. მნიშვნელოვანია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს კვლევების განხორციელებაში. სამუშაო თათბირზე მონაწილეებმა უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას სტუდენტური საცხოვრებლების საკითხი წარმოადგენდა. როგორც შეხვედრისას ითქვა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობის მიმართულებით და აღნიშნული პროცესი სტუდენტთა აქტიური ჩართულობით წარიმართება. გრძელდება მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე. გამოიკვეთა შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის დანერგვის უპირატესობები, მათ შორის, ფინანსური რესურსების ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული განაწილება, ანგარიშვალდებულება სახელმწიფოს მიმართ, გამჭვირვალობა და სოციალური პასუხისმგებლობა, უნივერსიტეტების ინსტიტუციური გაძლიერება და სტრატეგიული განვითარება. ახალი მოდელი ითვალისწინებს რეგიონული და სახელოვნებო უნივერსიტეტების საჭიროებებს. შეხვედრის ფარგლებში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის, ENQA-ს ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმის ჩატარებაზეც იმსჯელეს. კერძოდ, აღინიშნა, რომ 2023 წლის ფორუმს საქართველო უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას ევროპის 32 ქვეყნის 150 წარმომადგენელი მიიღებს. ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე განხილული იქნება ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული აქტუალური თემები და ტენდენციები. რაც შეეხება მეცნიერების განვითარების მხარდაჭერას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზანია, ხელი შეუწყოს შედეგზე ორიენტირებული საუკეთესო ხარისხის კვლევების წარმოებას. 2023 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ინტეგრირებული 42 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სახელფასო ფონდი 30%-ით გაიზარდა. შეხვედრის მონაწილეებმა Horizon Europe-ის პროგრამის შესახებ ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის ასოცირებული წევრი გახდა. შედეგად, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული და საგრანტო ოფისები უკვე ფუნქციონირებს. შეხვედრაზე საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის სრულფასოვანი წევრობის შესახებ იმსჯელეს, რომელიც ქართველ მეცნიერებს განვითარების უდიდეს შესაძლებლობებს აძლევს. საუბრისას ითქვა, რომ 2022 წლის 30-31 მარტს პარიზში უმაღლეს ხელმძღვანელთა კომიტეტისა და გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა, სადაც COST-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა საქართველოს ევროპული თანამშრომლობის ოჯახში გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონების კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობა დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის პარტნიორობას ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით. გრძელდება ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის ხელშეწყობა. შეიქმნება ახალი და, ასევე, გაგრძელდება უკვე არსებული ქართველოლოგიის პროგრამები მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის ბერნის, ციურიხისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და მის მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0