საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და მიმდინარე წელს იანვარ-ივნისის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ჩინეთს შორის 922 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აგრეთვე, საუბარი შეეხო ჩინურ ინვესტიციებს და ითქვა, რომ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩინეთიდან 695 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რასაც ქართული მხარე მიესალმება. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელს უწყობს ტურისტების დინამიურ ზრდას. ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა, რომელიც ყოველწლიური ღონისძიებაა, მალე გაიმართება. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. ითქვა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ორმხრივი კავშირების გაძლიერებას საგანმანათლებლო-სამეცნიერო მიმართულებებით. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
22/07/2022