ირაკლი ღარიბაშვილი კორეის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

07/10/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორეის სავაჭრო და სამრეწველო პალატისა და SK ჯგუფის თავმჯდომარეს – ტე-ვონ ჩეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს; განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანია, არსებული შესაძლებლობები სრულად იქნეს გამოყენებული. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებასთან დაკავშირებით; განიხილეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივები. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. ირაკლი ღარიბაშვილმა ტე-ვონ ჩეს ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანას ბოლო 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსურ და ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის დიდი პოტენციალი აქვს და ამ მიმართულებით მთავრობა აქტიურად მუშაობს. კორეის რესპუბლიკის უმსხვილესი კონგლომერატი SK ჯგუფი აერთიანებს 200-ზე მეტ კომპანიას, მათ შორის – ენერგეტიკის, ქიმიური ინდუსტრიის, ტელეკომუნიკაციების, ბიო-ფარმაციისა და სავაჭრო მომსახურების სფეროებში. 2021 წელს ჯგუფის კაპიტალიზაცია იყო 134 მილიარდი ამერიკული დოლარი. შეხვედრას ესწრებოდნენ SK ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი – ვონჩოლ პარკი; „ლოტე”-ს საინჟინრო და სამშენებლო კომპანიის სამოქალაქო ინჟინერიის მთავარი ბიზნესოფისის ხელმძღვანელი – ჯონგსუ კიმი; SK ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი – გვანგმინ ლიუ; კორეის სავაჭრო და სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი – სონგუ ლი; კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში – ტონგ ოპ კიმი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0