საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ.
მთავრობის მეთაური შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან ერთად ქართველ მაშველებს შეხვდა და მოისმინა ინფორმაცია სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა მაშველებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემი მთავარი გზავნილი თურქი ხალხის მიმართ იყო და არის შემდეგი, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დგას თურქეთის და თურქი ხალხის გვერდით. მე გუშინ ეს გზავნილი და ჩემი სამძიმარი გადავეცი პრეზიდენტ ერდოღანს, რომელსაც მე დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა, გამოვხატე ჩვენი სოლიდარობა. ეს არის საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა თურქეთს და ჩვენს მოძმე თურქ ხალხს. მოგეხსენებათ, რომ 40 000-ზე მეტი გარდაცვლილი არის დადასტურებული უკვე და 100 000-ზე მეტი არის დაშავებული. ათასობით ადამიანი დარჩა ბინების გარეშე, მაგრამ ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ ერდოღანთან, მან მითხრა, რომ მისი დავალებით უკვე შექმნილია შესაბამისი შტაბი, გეგმა აქვთ გაკეთებული და დაახლოებით ერთ წელიწადში 270 000 ბინას ააშენებენ და ყველა ეს ადამიანი იქნება დაკმაყოფილებული. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გმირი მაშველები არიან აქ ადგილზე. ჩვენ იმავე დღეს გამოვგზავნეთ მაშველები, რომლებიც ადგილზე თავიანთი ტექნიკით ჩამოვიდნენ. სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, სამწუხაროდ, 80-ზე მეტი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, სამაშველო სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, ბატონ ვახტანგს, ყველას, ვინც ჩართული იყო სამაშველო ღონისძიებებში. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ისეთი გონიერი და ძლიერი ლიდერი, როგორიც არის ბატონი ერდოღანი, მისი ლიდერობით თურქი ხალხი ამ განსაცდელს დაძლევს და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ამ პრობლემიდან”, – განაცხადა პრემიერმა.
ადგილზე აგრეთვე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩაღათაი ქილიჩი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში, თურქულ მხარესთან კოორდინირებით, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ამ დრომდე ახორციელებენ. მაშველები საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში 6 თებერვალს გაემგზავრნენ. პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფი სამუშაოებს ქალაქ ადიამანში აწარმოებდა, როტაციის შემდეგ კი, ახალი ამოცანა განისაზღვრა და ქართულმა სამაშველო ჯგუფმა ქალაქ ათაქიაში გადაინაცვლა. ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით. ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება. მთავრობის მეთაური დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის კრიზისული სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის კოორდინაციის ადგილობრივ ცენტრს ეწვია, სადაც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. ადგილზე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი, გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილებების მინისტრი მურათ ქურუმი და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩაღათაი ქილიჩი.