საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის წევრობის კითხვარი გადასცა ლუქსემბურგში, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ხელისუფლება მობილიზებულია, რომ ბრიუსელში შევსებული კითხვარი უმოკლეს ვადაში გაიგზავნოს. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის (Strategic Compass) ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორია, ევროკავშირისა და საქართველოს მაღალი დონის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგი ეფექტურ პლატფორმად რჩება და მნიშვნელოვანია შავი ზღვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაძლიერების კუთხით. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტარებს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთგულია თავისი პოზიციისა, რომ მის ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას. მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, როგორც პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრი ლუკას მანდლი, ქვეკომიტეტის წევრები: სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის წევრი იუაზა ოლეკასი, სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის პოლიტიკური ჯგუფის წევრი ელენა იონჩევა, ევროპარლამენტის წევრი, ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფის წარმომადგენელი ლარს პატრიკ ბერგი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი გივი თუმანიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ჯაველიძე.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
11/04/2022