ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი კვინიტაძის ოცნება ახდა, საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გენერალ გიორგი კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინაც კი, როდესაც საქართველოში კომუნიზმის წითელი ტერორი მძვინვარებდა, გენერალ კვინიტაძეს სწამდა და სჯეროდა, რომ მისი სამშობლო თავისუფალი იქნებოდა, რადგან თავისუფლება და თავისუფლებისკენ სწრაფვა ჩვენი ერის სისხლშია გამჯდარი.
„გენერალი კვინიტაძე სამშობლოში დაბრუნდა. გიორგი კვინიტაძემ ჩვენი ქვეყანა 1921 წლის თებერვალში დაჭრილ იუნკრებთან ერთად დატოვა, და რა სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენ სახელოვან გენერალს სამშობლოში დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული იუნკრები დახვდნენ. მას დახვდა ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტი, მთავარსარდალი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მაშასადამე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი კვინიტაძის ოცნება ახდა, საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მაშინაც კი, როდესაც საქართველოში კომუნიზმის წითელი ტერორი მძვინვარებდა, გენერალ კვინიტაძეს სწამდა და სჯეროდა, რომ მისი სამშობლო თავისუფალი იქნებოდა, რადგან თავისუფლება და თავისუფლებისკენ სწრაფვა ჩვენი ერის სისხლშია გამჯდარი. „არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი” – ეს არის იმ ადამიანის სიტყვები, ვინც თავად იყო ამ დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, თავისი ხალხის შინაგანი ძლიერების თვალსაჩინო მაგალითი და ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. სამშობლოდან იძულებით გადახვეწილ გენერალს სიცოცხლის ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ ქართველთა შინაგანი ბუნება, სულიერი ფასეულობები და სახელმწიფოებრივი ტრადიციები ნამდვილად მოიტანდა ჩვენს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას. მე მჯერა, გიორგი კვინიტაძის კიდევ ერთი ოცნება აუცილებლად ახდება და საქართველო დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება. ჩვენ გვესმის, რომ ეს გზა რთულია, რთულია მაგრამ ჩვენი ქვეყანა მტკიცედ და შეუქცევადად დგას წინაპართა გაკვალულ გზაზე. ამ ისტორიის ერთ-ერთი შემოქმედი, გენერალი გიორგი კვინიტაძე დღეს სამშობლოს დაუბრუნდა. ქედს ვიხრი მის წინაშე”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავასთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელ ოთარ ზურაბიშვილთან და გიორგი კვინიტაძის ოჯახის წევრებთან ერთად, მთაწმინდის პანთეონში გენერლის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.
„ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის გაიღო, ძალიან დიდია და თითოეულ ჩვენგანს გვავალდებულებს, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოსთვის თავგანწირული ჩვენი გმირები. სახელმწიფოებრიობის აღდგენას არაერთი თაობის უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, მის შენარჩუნებას დღესაც არანაკლები შრომა და თავდადება სჭირდება იმისთვის, რომ განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ქართული სახელმწიფო“- აღნიშნა კახა კუჭავამ.
100 წლის შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი კვინიტაძე საქართველოს დაუბრუნდა.
გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.
პრემიერ-მინისტრმა დღესვე პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ხელისუფლების წევრებთან ერთად, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას საფლავი მისი დაბადებიდან 82 წლისთავთან დაკავშირებით, ყვავილებით შეამკო.