ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა

01/12/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა. მთავრობის მეთაურმა გენერალს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისევე როგორც სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან, ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტებია და ამ მიმართულებით მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მკაფიოდ დაადასტურა მზაობა, განაგრძოს მხარდაჭერა და წვლილი შეიტანოს ნატოს ძალისხმევაში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. საუბარი შეეხო აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით და აღინიშნა ქვეყნის წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ითქვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით საერთაშორისო მისიებში და მზად არის, მომავალშიც დადგეს ნატოს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა მხარი დაუჭიროს ჩრდილო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონში შექმნილ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე საქართველოში ჯოზეფ ბილბო ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0