საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციაზე იმსჯელეს და ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ჩამოყალიბების დღიდან დღემდე აღმოსავლეთ პარტნიორობა ძლიერი მექანიზმია საქართველოსთვის, წარმატებით გააგრძელოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური დაახლოება და ამ მიმართულებით ხელშესახები პროგრესის მიღწევა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასოცირების შეთანხმება; ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება; უვიზო მიმოსვლის რეჟიმი; გაძლიერებული თანამშრომლობა უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში ის ხელშესახები შედეგებია, რასაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია.
„კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. უპირველეს ყოვლისა, ჩემი მთავრობის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის. დიდად ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. მიმაჩნია, რომ თქვენი ვიზიტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის – ასე ვიტყოდი, რომ – განმსაზღვრელ მომენტს ხდება. ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისადმი თქვენი მხარდაჭერის თვალსაჩინო დადასტურება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია და, როგორც ვიცით, მან ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა. ესენია: ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რაც გასულ წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებაა. ამჟამად, რა თქმა უნდა, ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ორ დღეში გაჟღერდება და კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება. ის საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს.
ამდენად, კიდევ ერთხელ გულთბილად მოგესალმებით და მადლობა მინდა გადაგიხადოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ შუბელმა აღნიშნა, რომ სამომავლო ნაბიჯების კუთხით ორივემ – უკრაინამაც და მოლდოვამაც – ისევე, როგორც საქართველომ სამომავლოდ შეიძლება კარგად გამოიყენონ აღმოსავლეთ პარტნიორობა.
„დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო. დღე მშვიდობისა! მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ დრო დაგვითმეთ და შეგვხვდით. დიდად ვაფასებთ ამ ფაქტს. ნამდვილად დიდი ჯგუფი გამოგვივიდა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 17 და ევროკავშირიდან 2 კოლეგა გავერთიანდით. მე და ევროკომისიის ერთი თანამშრომელი ევროსტრუქტურებს წარმოვადგენთ. მგონია, რომ ეს კარგის ნიშანია, რადგან ასეთ მნიშვნელოვან დროს ვიმყოფებით საქართველოში. ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ყველანი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე ვმუშაობთ – ზოგიერთი სპეციალური წარმომადგენელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს შესაბამისი სამინისტროდან ან ჩემ შემთხვევაში ევროსტრუქტურიდან. ყველა ეს ადამიანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების დეპარტამენტთა უფროსები გახლავთ. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რანგით მაღალი პირებისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფება ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, გვსურს გავიგოთ რაში შეიძლება კვლავ გამოგადგეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში აღმოსავლეთ პარტნიორობა. მხედველობაში მაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა. მან საქართველოსაც ბევრი კარგი რამ მოუტანა – ასოცირების შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით; უვიზო მიმოსვლის რეჟიმიც გაგვაჩნია, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის გარეშე ვერ იქნებოდა შესაძლებელი; ეს ყველაფერი უკვე გუშინდელი დღეა, რა თქმა უნდა. ახლა კი ვფიქრობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა კვლავ შეიძლება იქნეს გამოსადეგი თქვენი შემდგომი ნაბიჯების ჭრილში.
დიახ, როგორც ბრძანეთ, ორ დღეში ქვეყნდება ანგარიშები. მათზე კომენტარს არ გავაკეთებ. ბრიუსელში მყოფი კოლეგების მიმართულებაა ეს. ისინი საბოლოო შტრიხებს გადიან, სანამ დაიბეჭდება ანგარიშები. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ სამომავლო ნაბიჯების კუთხით ორივემ – უკრაინამაც და მოლდოვამაც – ისევე, როგორც საქართველომ სამომავლოდ შეიძლება კარგად გამოიყენონ აღმოსავლეთ პარტნიორობა. ის ცოტათი სახეცვლილია. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აქცენტებს ვაკეთებდით რაოდენობით ნაკლებ, მაგრამ აქტუალურობით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის ყველაზე მთავარი ორია და თქვენს პრიორიტეტსაც წარმოადგენს. ესენია დაკავშირებადობა და უსაფრთხოება. ამდენად, ერთად ისედაც ბევრს ვაკეთებთ ორივე მიმართულებით, თუმცა მიმაჩნია, რომ პოტენციალი უფრო მეტი გვაქვს. მისი სრული გამოვლენა და ათვისებაა ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი. ყველას გვსურს ჩვენი პრიზმით ვნახოთ რა იდეები გაქვთ და გაგაცნოთ ჩვენი შემხვედრი მოსაზრებები, რაც არის ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მხარდაჭერის დადასტურებაც, ნათელია, თან ასეთ მნიშვნელოვან დროს! ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ქვეყანა სამომავლოდ ევროკავშირის წევრი გახდება. ამდენად, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი მიღებისთვის და ველით კარგ საუბარს”, – განაცხადა დირკ შუბელმა.
მთავრობის მეთაურმა ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკა განიხილა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი და, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 12 პრიორიტეტით გათვალისწინებულ რეფორმების შესასრულებლად საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტ დროს ევროკავშირის 20-ამდე წევრი ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი საქართველოს ევროპული მომავლისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა. მისი თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.