ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

04/10/2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონის უსაფრთხოებისა და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე. ასევე, ხაზი გაესვა თანამშრომლობას სამხედრო განათლების სფეროში და არსებული ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას და მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი დიალოგს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის ხაზი გაესვა აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ენერგეტიკული და სატრანსპორტო მაგისტრალების მნიშვნელოვან როლს ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობაზე სამმხრივ ფორმატში, რომელიც უნიკალურ რეგიონულ მექანიზმს წარმოადგენს და იძლევა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობას, უმაღლესი თანამდებობის პირთა, საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრებისა და სხვა უწყებების დონეზე. პრემიერ-მინისტრი მიესალმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2021 წლის გეგმას, რომელსაც ხელი დღეს მოეწერება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0