საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრ იანოშ ლაზარს შეხვდა. შეხვედრების მონაწილეებმა გაუზიარეს ერთმანეთს სამინისტროების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. ირაკლი ქარსელაძემ მასპინძლებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. ისაუბრა საქართველოს განვითარების სტრატეგია „ხედვა 2030“-ით გათვალისწინებულ გეგმებზე და მისი შესრულების ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე საგზაო, წყალმომარაგება-წყალარინების, მუნიციპალური და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების, მყარი ნარჩენების მართვის, ურბანული განახლების და სხვა მიმართულებით. შეხვედრის მხარეებმა განიხილეს უნგრეთის წარმატებული გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები. ასევე, შეთანხმდნენ ინსტიტუციური გაძლიერების, კანონმდებლობის გაუმჯობესების, ევროპული სტანდარტებისა და რეგულაციების დანერგვის მიზნით, უნგრეთში დაგროვილი გამოცდილების დარგების მიხედვით გაზიარებაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კობა გაბუნია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები.
ირაკლი ქარსელაძე უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრ იანოშ ლაზარს შეხვდა
21/04/2023