ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

14/10/2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) წყალმომარაგებისა და ურბანული განვითარების სექტორის დირექტორთან, ჯინმინ ჰუანთან, ურბანული განვითარების სპეციალისტ მარია პია ანკორასთან და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორ, ლესლი ბეარმან ლაჰმისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების და ურბანული განვითარების, ასევე, ბაღებისა და სკოლების მშენებლობის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების პროგრესზე, რასაც მათი მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა. ბანკის წარმომადგენლებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და განხორციელების კუთხით არსებულ მაღალ კვალიფიკაციასა და მნიშვნელოვან გამოცდილებას. შეხვედრის მხარებმა იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზეც. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ბანკი წარმოდგენილია სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებაში. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს წყალმომარაგების, საგზაო, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი პროექტები. დიდია ბანკის მხარდაჭერა რეგიონების ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებითაც. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0