პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკურს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოსა და ვატიკანის ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. მხარეების განცხადებით, საქართველოს კათოლიკე მოსახლეობას ისტორიულად მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრესში.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყანა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს, რაც საზეიმო თარიღია, თუმცა, ამავდროულად, ყველას კიდევ ერთხელ ახსენებს საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. ირაკლი კობახიძის თქმით, გამოწვევებთან გამკლავების პროცესში, ქართულ მხარეს წმინდა საყდრის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ამაყობს მისი ტოლერანტული კულტურით და მოწადინებულია ვატიკანთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. მხარეებმა განაცხადეს, რომ 2012 წლის შემდეგ, ინტენსიური იყო გაცვლითი ვიზიტები და შეხვედრები. მათ ასევე ხაზგასმით აღნიშნეს 2016 წელს, საქართველოში რომის პაპის წარმატებული ვიზიტი.
წმინდა საყდრის ელჩის განცხადებით, ვატიკანი განუხრელად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, ვატიკანი მზად არის საქართველოსთან პარტნიორობისა და ქართველ ხალხსა და ქართულ ეკლესიასთან მჭიდრო ურთიერთობისთვის.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, სასურველი იქნებოდა ერთობლივი, მასშტაბური კულტურული ინიციატივების განხორციელება.
ირაკლი კობახიძე წმინდა საყდრის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
21/06/2018