ირაკლი კობახიძე სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

25/01/2018

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მაია გოიკოვიჩი მიიღო. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი საქართველოსა და სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და არაღიარების პოლიტიკაზე გაკეთდა. ორივე მხარემ ერთმანეთს ამ მიმართულებით პოლიტიკის ურყეობა დაუდასტურა. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ვიზიტი ასეთი მაღალი დონის პირველი ისტორიული ვიზიტია საქართველოში და ეს უნდა გახდეს მომავალი ურთიერთობების ახალი ფაზის დასაწყისი.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე. სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა გამოთქვა მოსაზრება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პარლამეტებს შორის განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება ურთიერთობები, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შექმნილია მეგობრობის ჯგუფები და ასევე, მნიშვნელოვანი იქნება საპარლამენტო კომიტეტებს შორის, განსაკუთრებით, ევროინტეგრაციის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მაია გოიკოვიჩის განცხადებით, სერბეთის ეროვნული ასამბლეის ევროინტეგრაციის კომიტეტს შეუძლია ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გაზიარება ქართველი კოლეგებისთვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მაია გოიკოვიჩმა პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაია გოიკოვიჩს საქართველოში ჩამობრძანებისათვის. ჩვენ მის ვიზიტს ვანიჭებთ ძალიან დიდ მნიშვნელობას. უკვე წლებია, გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, დიპლომატიური ურთიერთობები, პოლიტიკური ურთიერთობები სერბეთსა და საქართველოს შორის, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მაღალი დონის ვიზიტი სერბეთის მხრიდან საქართველოში ჯერ არ შემდგარა და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემს სერბ კოლეგას საქართველოში ჩამობრძანებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი გახდება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი, ძალიან ინტენსიური ფაზის დაწყების ძალიან კარგი საწინდარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სერბეთთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავება პრიორიტეტულია.

„მე ვარ მოხარული, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები თანდათანობით სულ უფრო ფართოვდება. შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, ვიზიტი ჩვენი ქვეყნების წარმომადგენლებს შორის, სადაც საუბარი იყო ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაზე. ჩვენთვის პრიორიტეტულია სერბეთთან პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება და ასევე, ეკონომიკური კავშირების განვითარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქართველ და სერბ ხალხებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირზე და საერთო საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებაზე – ევროპული ოჯახის წევრობაზე.

„ჩვენ გვაქვს ისტორიული კავშირი ქართველ და სერბ ხალხებს შორის, რაც გვაძლევს ძალიან კარგ საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ჩვენ ხალხებს აერთიანებს საერთო რწმენა, კულტურული სიახლოვე, ასევე საერთო საგარეო პოლიტიკური მისწრაფება – ეს არის ევროპაში, ევროპულ ოჯახში გაწევრიანება და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად ძალიან აქტიურად ვითანამშრომლოთ. მე მინდა, განსაკუთრებულად აღვნიშნო სერბეთის პროგრესი ევროინტეგრაციის მიმართულებით. მინდა სერბ ხალხს მივულოცო ეს პროგრესი და ვუსურვო შემდგომი წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს სერბეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმატებით ატარებს არაღიარების პოლიტიკას. მისივე თქმით, საქართველოც მსგავსი გამოწვევის წინაში დგას. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა სერბ კოლეგას ამ მიმართულებით თანამშრომლობისათვის და მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ძალიან მყარ მხარდაჭერას სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამ კუთხითაც, ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევა. ვფიქრობთ, რომ, ტერიტორიული მთლიანობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი საერთაშორისო პოლიტიკის და ამ ქვაკუთხედს შენარჩუნება და გამყარება ესაჭიროება.
საქართველო წარმატებით ატარებს არაღიარების პოლიტიკას. ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სერბ მეგობრებს ძალიან მყარი და მჭიდრო თანამშრომლობისათვის და მხარდაჭერისთვის ამ მიმართულებით“,- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის საქართველოში ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობებს, როგორც ორ ქვეყნას შორის, ასევე, პარლამენტებს შორის.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი გოიკოვიჩის ვიზიტი საქართველოში, კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთობებს, როგორც ჩვენ ქვეყნებს შორის, ასევე, კონკრეტულად, სერბეთისა და საქართველოს პარლამენტებს შორის და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება ჩვენ, ჩვენს სერბ კოლეგებთან. ქალბატონო მაია, ჩვენი ქვეყნების პარლამენტები გამოხატავენ ყველაზე სრულყოფილად ჩვენი ხალხების ინტერესებს. შესაბამისად, თქვენი ვიზიტი ჩვენი ხალხების და საკანონმდებლო ორგანოების შემდგომი თანამშრომლობის საუკეთესო გამოვლინებაა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, მაია გოიკოვიჩმა ირაკლი კობახიძეს საქართველოში ოფიციალური მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი არის ორი ქვეყნის შემდგომი ურთიერთობების განვითარების საწინდარი.

„დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარევ. მადლობა ოფიციალურად მოწვევისათვის ამ მშვენიერ ქვეყანაში ვიზიტად ჩამოსასვლელად. ეს ვიზიტი, ისევე, როგორც ეს აღნიშნა უკვე ბატონმა თავმჯდომარემ, არის ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების საწინდარი. როგორც საპარლამენტო დონეზე, ასევე ეკონომიკის სფეროში, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მნიშვნელოვნად განვითარებული ამ ეტაპზე.“- აღნიშნა მაია გოიკოვიჩმა.

სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე მრავალმხრივი თანამშრომლობის და ურთიერთობის ფორმატსა და საპარლამენტო დელეგაციებს შორის ურთიერთობაზე შეთანხმდნენ. მხარეებმა ორ პარლამენტს შორის სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები მოახდენენ თანამშრომლობის უფრო კონკრეტული ფორმების ინიცირებას როგორც საგარეო ურთიერთობის, ასევე ევროპული ინტეგრაციის კუთხით, რაც არის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისთვის.
სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სერბეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ურყევი პოზიციისთვის.

„სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და ამით ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართალს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს იმ ქვეყნების, რომლებიც არის საერთაშორისოდ აღიარებული.მადლობას გიხდით საქართველოს მხრიდან გამოხატული ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ურყევი პოზიციისთვის,“- განაცხასდა მაია გოიკოვიჩმა.

სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე ევროინტეგრაციის, განათლების, კულტურის და ეკონომიკის მიმართულებებით.

„ჩვენ ასევე შევთანხმდით საქართველოს პარლამენტთან, რომ გვქონდეს თანამშრომლობა პარლამენტარებს შორის ევროინტეგრაციის საკითხებზე. ჩვენ აგრეთვე გვქონდა საუბარი განათლების და კულტურის სფეროებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობაზეც ვისაუბრეთ და მიმაჩნია, რომ ჩვენს პარლამენტებს შეუძლიათ მოტივაცია ჩვენი მთავრობების, რომ რაც შეიძლება მეტი შეთანხმებები განვახორციელოთ ეკონომიკის სფეროში“-განაცხადა მაია გოიკოვიჩმა.

სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სერბეთში საპასუხო ვიზიტით მიიწვია. „მე, ასევე ვთხოვე ჩემს კოლეგას ჩამობრძანდეს ვიზიტით სერბეთში და მან მიიღო ეს მოწვევა სერბეთში ვიზიტით ჩამოსვლასთან დაკავშირებით. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ვეწვიე საქართველოს და ამგვარად შევუწყვე ხელი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას“,-განაცხადა მაია გოიკოვიჩმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0