პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულიზის უმასპინძლა. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ურყევ ნებას ხაზი გაუსვა და ქვეყანაში განხორციელებულ პოლიტიკური რეფორმებზე ისაუბრა.
სტუმარმა განაცხადა, რომ როგორც ნატო, ასევე საქართველოში ორგანიზაციის სამეკავშირეო ოფისი მზად არის საქართველოს პარლამენტთან გააღრმავოს თანამშრომლობა, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების კუთხით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების მიმართულებით. აღინიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამას, რომელიც საქართველოში მოქმედებს და ინსტიტუციურ გაძლიერებას უწყობს ხელს.
როზარია პულიზი დაინტერესდა საქართველოს კონსტიტუციაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ასახვით, ცვლილებებითა და კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს მიმართულება არის ინსტიტუციური რეფორმის და განვითარების შემადგენელი ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მისივე თქმით, პარლამენტი ითანამშრომლებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან არა მარტო ამ ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესში, არამედ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების კუთხით, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის მიმართულებით.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის თანამშრომლობა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით კი ნატოსთან პრიორიტეტულია.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე, თავის მხრივ ხელს შეუწყობს კონსტრუქციულ პოლიტიკურ თანამშრომლობას ქვეყნის შიგნით.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, როზარია პულისის წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
ირაკლი კობახიძე საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
24/01/2018