ირაკლი კობახიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

05/02/2018

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს, დენიელ ტვინინგს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოში გასული წლის ოქტომბერში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ირაკლი კობახიძემ დენიელ ტვინინგს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიის მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საქმიანობის მნიშვნელობა.
საუბარი საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს შეეხო. ირაკლი კობახიძემ დენიელ ტვინინგს საკონსტიტუციო რეფორმა, რეფორმის შინაარსი და ძირითადი არგუმენტები გააცნო.

„ვისაუბრეთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის მრავალ სფეროზე. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა სამუშაოს ახორციელებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოში პარტნიორების მხარდასაჭერად.
ვისაუბრეთ იმაზე, რომ ღია, ძლიერი და ეფექტური დემოკრატია საუკეთესო წყაროა უსაფრთხოებისთვის, უცხოური ჩარევის წინააღმდეგ და რომ რაც უფრო ძლიერი და ინკლუზიურია ქართული დემოკრატია, კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალობის მიმართულებით, საქართველო მით უფრო უკეთ შეძლებს საკუთარი თავის დაცვას გარე ძალებისგან და უკეთესი მოკავშირე იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ IRI-ს პრეზიდენტმა.

შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0