ირაკლი კობახიძე რუმინეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

14/11/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელიც ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება, ქვეყნის ვიცე-პრემიერს, იონ-მარკელ სიოლაკუს შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად ახალი გზები უნდა მოიძებნოს.
მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ და რუმინეთმა იმუშაონ ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე, უსაფრთხოების, ტურიზმის, საზღვაო ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის გასააქტიურებლად.
ირაკლი კობახიძემ და იონ-მარკელ სიოლაკუმ საზღვაო პორტებს შორის კორიდორის შექმნისა და საქართველოსა და რუმინეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებაც იმსჯელეს.
შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. საუბარი, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეეხო. იონ-მარკელ სიოლაკუმ განაცხადა, რომ რუმინეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.
რუმინეთის აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაჯამა. მისი თქმით, ვიცე პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებზე აქცენტი ორ ქვეყნას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე გაკეთდა.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩვენი ურთიერთობების როგორც პოლიტიკურ განზომილებაზე, ასევე, ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ვთქვით, რომ დღეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს, თუმცა, ძალიან დიდი პერსპექტივაა იმისა, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის მეგობრობა და როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური კავშირები. საუბარი გვქონდა კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის დამყარებულია მჭიდრო კავშირი. პრემიერის ვიზიტმა ეს კავშირები კიდევ უფრო მჭიდრო გახადა, ბუნებრივია. ძალიან აქტიურად უნდა ამუშავდეს ეკონომიკური კომისია ორ ქვეყანას შორის და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა რუმინეთის ვიცე-პრემიერმაც. ჟურნალისტებთან საუბრისას, იონ-მარკელ სიოლაკუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუმინეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია.
„რუმინეთსა და საქართველოს შორის არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, რასაც ეს ვიზიტიც ადასტურებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია და პოზიცია დგას ერთ აზრზე და თანხმდებიან კონკრეტულ ხედვაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს საშუალება, რომ რუმინეთის გამოცდილება გაიზიაროს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების კუთხით, რადგან ეს გზა ცოტა ხნის წინ გაიარა რუმინეთმა. როგორც მოგეხსენებათ, რუმინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია. რაც შეეხება ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობას, ვისაუბრეთ საზღვაო გზის მნიშვნელობაზე- რომ გაიჭრას კორიდორი პორტებს შორის და ასევე, პირდაპირი ავია რეისის დანიშვნაზე საქართველოსა და რუმინეთს შორის, რაც არა მხოლოდ ტურისტული კუთხით გააძლიერებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, არამედ ეკონომიკური კუთხითაც“,- განაცხადა რუმინეთის ვიცე-პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0