საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის რეგიონულ წარმომადგენელს, გაეროს მუდმივი კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელს იოჰანეს ვან დერ კლაუვს შეხვდა.
მხარეებმა საარჩევნო გარემო მიმოიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არსებულ გამოწვევებს.
იოჰანეს ვან დერ კლაუვის შეფასებით, დამკვირვებელთა ანგარიშების მიხედვით, საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს და გაეროს აქვს მყარი მოლოდინი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება.
თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
ირაკლი კობახიძემ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის რეგიონულ წარმომადგენელს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობა, ასევე, საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი მომავლისკენ“ გააცნო.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ფედერაციის ობსტრუქციული ქმედებების მიუხედავად, ინიციატივა ნდობის აღდგენაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ირაკლი კობახიძემ იოჰანეს ვან დერ კლაუვს კონფლიქტის დარეგულირების პროცესში გაეროს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში მჭიდრო თანამშრომლობაზე.
ირაკლი კობახიძე ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა
26/10/2018