ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

24/01/2018

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ისაუბრეს ქართულ-თურქული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მიმართულებით.
აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ბევრი გამოწვევის, განსაკუთრებით უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების პირობებში.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმარს თურქეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურებას როგორც მეგობრობის ჯგუფებს შორის, ასევე პარლამენტების სპიკერების გაცვლითი ვიზიტების ფორმატში. ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს პარლამენტარებს შორის უფრო აქტიური კონტაქტების დამყარებას.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში თურქული ინვესტიციების მოზიდვა. თურქმა დიპლომატმა მზადყოფნა გამოთქვა აქტიურად შეუწყოს ხელი თურქული ინვესტიციების განხორციელებას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა ისაუბრეს, ასევე საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატებში: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და საერთაშორისო საპარლამენტო კავშირში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი აღნიშნულ ფორმატებში კოორდინირებულად იმოქმედებენ და ერთმანეთს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.
ირაკლი კობახიძემ ფატმა ჯერენ იაზგანს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0