ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეშვიდე ყოველწლიური შეხვედრა გახსნა

27/02/2017

„საქართველოში, ცოტა ხნის წინ, ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები ყოფილიყო თავისუფალი და სამართლიანი და სწორად დაორგანიზებული. არჩევნები საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიული განვითარებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის გამოცდილების გაზიარება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო გარემოს განვითარების მიმართულებით ქვეყნაში მნიშვნელოვანი მიღწევებია, თუმცა არსებობს გამოწვევები და საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის.
„საქართველომ საარჩევნო ადმინისტრაციის განვითარების რთული გზა გაიარა თავისუფლების გამოცხადების შემდეგ და ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ განვითარების, საარჩევნო გარემოს განვითარების ძალიან მაღალ დონეს მივაღწიეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება გარემოს, ადმინისტრაციის მიმართულებით. საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან ღირებულია თქვენი გამოცდილების გაზიარება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ, საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა, მეთ გოქულმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამების ვიცეპრეზიდენტმა, მაიკლ სვეტლიკმა.
კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში განიხილავენ შემდეგ საკითხებს: ტექნოლოგიები და არჩევნები – საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, ინოვაციური სერვისები, ევროპული სტანდარტები საარჩევნო პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონულ მართვა და ა.შ.
ღონისძიებაში 20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 11 საერთაშორისო ორგანიზაციის, აშშ საელჩოს და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სამი კომპანიის ასამდე წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას.
ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო კონფერენციას საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრთან (ICPS) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით უწევს ორგანიზებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0