ირაკლი კობახიძემ ლევილის მამული მოინახულა

16/01/2019

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლევილის ქართულ მამულს ეწვია. თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ირაკლი კობახიძემ ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაოზე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიასა და ქართველი სახელმწიფო მოღვაწეების საფლავები გვირგვინით შეამკო.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შთამომავლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

„ყოველ ჯერზე ძალიან ემოციურია მათთან შეხვედრა. ამდენი ხნის განმავლობაში, ისინი ინარჩუნებენ ქართულ გენეტიკას და ქართულ ენას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კავშირი იყოს უწყვეტი და უფრო გაძლიერდეს. მნიშვნელოვანია, რომ იმას, რაც აქ 100 წლის წინ წამოსულმა ქართველებმა ასე შეინარჩუნეს და შთამომავლობით გადასცეს, ჩვენც მოვუფრთხილდეთ და დავაფასოთ. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს პირველი პარლამენტის შექმნიდან 100 წლის იუბილეა და ესეც განსაკუთრებული, სიმბოლური ნაწილია, რომელსაც განსაკუთრებულად აღნიშნავს პარლამენტი“, – განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, დავით სონღულაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ლევილში სტუმრობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ნოე ჟორდანიას შვილიშვილმა და ლევილის მმართველი საბჭოს წევრმა, ირენ ციციშვილმა.

„ემოციური დღეა, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი ვიზიტის პროგრამაში, ფაქტობრივად, მთელი დღე მიუძღვნა საქართველოს ისტორიის ამ პერიოდს, პატივი მიაგო პირველი პარლამენტის თავმჯდომარეს და შემდეგ ჩამოვიდა ლევილში. ლევილი არის ძალიან სიმბოლური კავშირი საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობის, რადგან ლევილში ჩამოვიდნენ ის ქართველები, რომლებიც პოლიტიკურ ემიგრაციაში წამოვიდნენ საქართველოდან. მათ აქ გააგრძელეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ის ფაქტი, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ამ უდიდესი დემოკრატიული ინსტიტუტის პირველი პირი ჩამოვიდა, მოინახულა ადგილი, დაინტერესდა მომავალი პროექტებით, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი“, – აღნიშნა ირენ ციციშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0