ირაკლი ბერაიამ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

05/05/2023

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში აშშ-ის თავდაცვის ძალების გენერლები და ადმირალები შედიან, აშშ-ის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური/ნატო-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი, გადამდგარი ოთხვარსკვლავიანი გენერალი, კურტის სკაპაროტი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა საქართველოსა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებაზე. დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას, რეგიონში აშშ-ის გაზრდილი ჩართულობის და პირველ ყოვლისა, საქართველოს ნატო-ში გაწევრების გადაუდებელ საჭიროებას.

„აშშ არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ეს პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს, ურთიერთნდობას და ურთიერთმხარდაჭერას. ამ პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და მთლიანად რეგიონული უსაფრთხოებისთვის. ამერიკელ პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ხაზგასმით აღვნიშნეთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მედეგობის გაზრდისთვის აშშ-ის მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერება”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში გადადგმული ნაბიჯებისთვის, მადლობა გადაუხადა. ამერიკელი სტუმრების მხრიდან ხაზი გაესვა ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას, ქართული თავდაცვის ძალების როლს, ქართველი ჯარისკაცების სიმამაცეს და თავდადებას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, კომიტეტის წევრები: რესან კონცელიძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ალექსანდრე ელისაშვილი და ჰერმან საბო ესწრებოდნენ. აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე ჯოზეფ ბილბო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ლეისი მონაწილეობდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0