ბიძინა ივანიშვილი მიესალმებოდა, თუ ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს. ამის შესახებ ივანიშვილმა ქვემო ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორია მისი პოზიცია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
„ჩემი პოზიციაა – რატომაც არა, თუმცა შორსაა ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები. მაგ თემაზე მე არავისთან მსჯელობა არ მქონია, მათ რიცხვში, არც ირაკლისთან არ მქონია ამაზე ჯერ საუბარი. მე ვფიქრობ, ირაკლი ახალგაზრდა კაცია და შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალში და უფრო შორსაც. ის ძალიან ღირსეულად მოემსახურა თავის ქვეყანას და ღირსეულად წავიდა. ასე რომ, მე მივესალმებოდი დღევანდელი გადმოსახედიდან, თუმცა ორი წელიწადი დიდი დროა და ჯერ უნდა დაველოდოთ მოვლენებს, შეიძლება მანამდეც მოისურვოს ირაკლიმ გამოჩენა“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, მას და ღარიბაშვილს, ისევე როგორც მათ მეუღლეებს, ხშირი კომუნიკაცია აქვთ.