ინფრასტრუქტურის სამინისტროში სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა

19/02/2020

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, კორეის ექსიმბანკისა და აზიის განვითარების ბანკს შორის სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია, საქართველოს ერთ-ერთ საპილოტე რეგიონში, სასოფლო დასახლებებისთვის წყალმომარაგება-წყალარინების სერვისის გაუმჯობესება, კორეის გამოცდილების მაგალითზე ქართული მხარისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
„საქართველოს სასოფლო დასახლებებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების გაუმჯობესებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება“ – ეს კორეის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს (MoEF), კორეის ექსიმბანკის (Korea Eximbank) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საგრანტო პროექტია, რომელიც კორეის გამოცდილების გაზიარების პროგრამის (Knowledge Sharing Program – KSP) ტექნიკური დახმარების საშუალებით დაფინანსდება და 2020 წლის ბოლოს დასრულდება.
გასული წლის ოქტომბერში სამხრეთ კორეის დელეგაციამ ქართულ მხარესთან პირველადი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროექტის განხორციელების პროგრამა და მოსალოდნელი შედეგები. მიმდინარე ეტაპზე, სერვისების გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრო, განვითარების პარტნიორების მხარდაჭერით, ურბანული და სასოფლო დასახლებებისთვის წყალმომარაგება-წყალარინების ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რაც მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას, სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0