ინფექციურ საავადმყოფოს 5 ცალი სუნთქვის აპარატი გადაეცა

07/10/2020

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს გერმანული კომპანია “Dräger”-ის მიერ წარმოებული 5 ცალი სუნთქვის აპარატი გადასცა. ახალი სამედიცინო აპარატი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვისაა გათვლილი. სუნთქვის აპარატი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტორომ, ჯანდაცვის უწყებას ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასცა.

„ დღევანდელ პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვისთვის კოვიდ კლინიკებში შესაფერისი პირობები შეიქმნას. გერმანიის მთავრობის დახმარებით მიღებული 5 სუნთქვის აპარატი, ინფექციური დაავადებების ცენტრს გადაეცა. ამ აპარატებით იმ პაციენტებს დავეხმარებით, რომლებსაც კრიტიკული მოვლა ყველაზე მეტად სჭირდებათ. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება ყოველთვის საჭიროა, განსაკუთრებით ამ პირობებში“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სუნთქვის აპარატის გადაცემის ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0