ინვესტორთა საბჭოს სხდომაში დღეს მონაწილეობა მიიღო EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ

06/09/2017

სასამართლო რეფორმა, კომერციული პალატების შექმნის ინიციატივა, კანონი მეწარმეთა შესახებ და კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განიხილეს ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საბჭოს სხდომაში დღეს მონაწილეობა მიიღო EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ, რომელიც საქართველოში ვიზიტით მესამედ იმყოფება.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებში 200-ზე მეტი პროექტი და დაახლოებით 3 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
სხდომაზე რევოლუციურ წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა სასამართლოებში კომერციული პალატების სისტემის შექმნა და და ამ მიმართულებით მოსამართლეების პროფესიული მომზადება. ინვესტორთა საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ ეს ხელს შეუწყობს კომერციული დავების მოკლე ვადებში გადაწყვეტას და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას. გიორგი კვირიკაშვილმა სასამართლო რეფორმის პროცესში საქართველოს მხარდაჭერის ინიცირებისთვის, სხვა დონორებთან ერთად, მადლობა გადაუხადა EBRD-ის.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ინვესტორთა საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობაზე და საქართველოს მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მაქსიმალური ჩართულობა ახალი კანონმდებლობის და რეგულაციების შემუშავების პროცესში.
საქართველოს ბოლო ხუთი წლის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება EBRD-ის პრეზიდენტმა. სუმა ჩაკრაბარტიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის პროგრესმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს რეკორდული ინვესტიციების განხორციელების საშუალება მისცა.
EBRD-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას კერძო სექტორთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის EBRD-თან ინვესტორთა საბჭოს ფორმატში და განაცხადა, რომ ეს უზრუნველყოფს ბიზნესგარემოს შემდგომ გაუმჯობესებას და წაახალისებს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს, მეტად დაინტერესდნენ საქართველოთი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0