თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.
„მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი – გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება და განვითარება. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ასოცირების საბჭომ მოგვიწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში, ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, რაც ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ასევე, მიაწოდა ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება.
„ჩვენ ასევე, მოვისმინეთ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეუთო ჩატარებულ არჩევნებს განიხილავს, როგორც თავისუფალს და დამოუკიდებელს. ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო ასევე, იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიაწოდა ევროკავშირს ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, მათ შორის, ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ახალი სამარშრუტო ქსელის განვითარებას მოიცავს, 2023 წლისთვის დასრულდება. ამჟამად კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ სისტემას ახალი მიკროავტობუსები ემატება. კახა კალაძის თქმით, ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვებიან ის მიკროავტობუსებიც, რომლებიც დედაქალაქში სექტემბერში უნდა შემოვიდეს.
„დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლების პროგრამა. 300 ერთეული მიკროავტობუსი შემოსულია დედაქალაქში, რომელიც მოსახლეობას უკვე ემსახურება. შესაბამისად, შემოდის ახალი, ინტეგრირებული სისტემა, რომელიც აქამდე მიკროავტობუსებში არ იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მეტროთი და ავტობუსით მგზავრობისას მგზავრს ჰქონდა საშუალება, რომ ერთი ბილეთით 90 წუთის განმავლობაში ესარგებლა უფასო გადაჯდომით, ამას ემატება მიკროავტობუსებიც, თუმცა, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს ინტეგრირებული სისტემა პირველ ეტაპზე მუშაობს იმ 300 ახალ მიკროავტობუსში, რომელიც მუნიციპალიტეტმა შემოიყვანა. რა თქმა უნდა, ეს გავრცელდება იმ ახალ მიკროავტობუსებზეც, რომლებიც სექტემბერში უნდა შემოვიდეს. ქალაქს დაახლოებით, 700 ერთეული მიკროავტობუსი დაემატება. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, აქამდე თუ ქალაქს 1 500-მდე მიკროავტობუსი ემსახურებოდა, მოემსახურება 1 000 მიკროავტობუსი, მაგრამ დაემატება 8-მეტრიანი ავტობუსები იმისთვის, რომ მოვიცვათ ყველა ქუჩა და ყველა უბანი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, პირველი აპრილიდან შეღავათიანი ტარიფი გავრცელდება ახალ მიკროავტობუსებზეც.
„იმ მოქალაქეებს, რომლებიც მეტროში და ავტობუსში შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობენ, ანალოგიურად, შეღავათით სარგებლობა შეეძლებათ მიკროავტობუსებშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე გავრცელდება. აღნიშნულ გამზირებზე ათი მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მოქალაქეები მათი კუთვნილი ავტომანქანების რეგისტრაციას შეძლებენ.
„დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. როგორც იცით, გარკვეულ ქუჩებზე ეს სისტემა უკვე მოქმედებს. ჩვენ ამ პროგრამას განვაგრძობთ და ის უკვე ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პარკირება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის, ელექტრომობილებისა და A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვის, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე უფასო იქნება.
„ჩვენ აღნიშნულ პროგრამას ეტაპობრივად ვახორციელებთ და საბოლოო ჯამში, ის მთელ ქალაქს მოიცავს. თბილისში, დღეის მდგომარეობით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ფარგლებში, 2 629 ადგილი მოქმედებს, ხოლო ამ ცვლილებით, დაახლოებით, 2 400 ადგილი დაემატება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვარკეთილის ხევში პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. მისი თქმით, ტერიტორია 3 ჰექტარს მოიცავს. რეაბილიტირებული პარკი ყველა ასაკობრივ ჯგუფზე იქნება გათვლილი და სრულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
„ტერიტორიაზე მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები საჩრდილობლებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები ატრაქციონებით, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, გადმოსახედი ბაქანი. განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდი, ველობილიკი, შეიქმნება ძაღლების სასეირნო სივრცე და რა თქმა უნდა, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები, თავისი სარწყავი სისტემითა და განათებებით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის სამსახურებსა და გამგეობებს რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოებში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე უნდა შეიქმნას.
„ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ბოლო წლების განმავლობაში რეკრეაციული სივრცეებს მოწყობის თვალსაზრისით, ძალიან ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. როგორც დედაქალაქის შესაბამისი სამსახურები, პროცესში ასევე, ჩართულია დედაქალაქის გამგეობები. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, თუმცა გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი. კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე, მეტი რეკრეაცია შევქმნათ, რათა ქალაქმა ისუნთქოს და ეს ჩაბეტონების ტენდენცია, რაც იყო წლების განმავლობაში, შევაჩეროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა მშენებლობების წინააღმდეგი არაა, თუმცა პროექტების ფარგლებში რეკრეაციული სივრცეების არსებობა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენ მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ იმ მშენებლობების ფარგლებში, რომელიც ხორციელდება, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული მწვანე სივრცეების მოწესრიგება. ეს მიდგომები, რომ აუცილებელია მშენებლობების დროს რეკრეაციული სივრცეების არსებობა და დენდროლოგიური პროექტების შეთანხმება, ჩვენი ურბანული და არქიტექტურის სამსახურების მხრიდან პირდაპირ არის გაწერილი მოთხოვნებში, რეგულაციების დონეზე. ამ ყველაფრის გარეშე მშენებლობები მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა მაჭავარიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე დამეწყრილი უბნის შესწავლასა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში, თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად, შესაბამისი უწყებების სპეციალისტები არიან ჩართული.
მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდა.
„მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა გუშინ ორმხრივად შეიზღუდა. გასულ წლებში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის გამო, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველ მეწყრულ არეალში მეორადი გენერაციის მეწყერი განვითარდა. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 16 მარტიდან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა იკრძალება. გადაადგილება დროებით შეზღუდული იქნება ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. დამეწყრილი უბნის შესწავლასა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში, თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად, ჩართული არიან შესაბამისი უწყებების სპეციალისტები, რათა უმოკლეს ვადებში გატარდეს გადაუდებელი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რის შემდეგაც, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანების უსაფრთხოება იყოს დაცული და სამუშაოები დროულად წარმოებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ჩართულია აღნიშნულ ღონისძიებებში და ყველაფერი კეთდება, რათა უსაფრთხოების ნორმების დაცვით, პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდეს. გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე ყურადღება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მუშაობის განახლებაზეც გამახვილდა. სააღმზრდელო პროცესი Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევების გამო დახურული ბაღებიდან ოთხში უკვე განახლებულია. მისივე თქმით, თითოეულ ბაღში მაქსიმალურად ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს.
„ბაგა-ბაღებში სწავლა პირველ მარტს განახლდა. როდესაც პირველად ჩატარდა პერსონალის ტესტირება, სანამ ბაღები გაიხსნებოდა, რვა ბაღის პერსონალს დაუდასტურდა კოვიდი. შესაბამისად, ეს ბაღები არ გაიხსნა. ამის შემდეგ, ტესტირების პროცესში კიდევ 46 ბაგა-ბაღში დადასტურდა ვირუსი, როგორც პერსონალის, ისე ბავშვების შემთხვევაში და ეს ბაღებიც დაიხურა. ამ ეტაპზე, სააღმზრდელო პროცესი უკვე ოთხ ბაღში განახლებულია. გრძელდება ტესტირება და ეტაპობრივად ხდება ბაღების გახსნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მკაცრად ვაკონტროლებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვას და ტარდება ყველა ის ღონისძიება, რაც აუცილებელია აღსაზრდელების და პერსონალის ჯანმრთელობის დასაცავად“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე ასევე, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირინა დანელიას კანდიდატურა წარადგინა. დედაქალაქის მერმა უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა, ხოლო ყოფილ უფროსს, თამაზ დარჩიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ირინა დანელია. ის გახლავთ გენეტიკოსი, ბოტანიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, სხვადასხვა დროს მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, მაღალი რანგის სპეციალისტი და ვფიქრობ, მისი გამოცდილება ნამდვილად წაადგება ბოტანიკურ ბაღს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას. ამ თანამდებობაზე თამაზ დარჩიძე მუშაობდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის. ის მერიაში, „ეკოსერვის ჯგუფში“ განაგრძობს მუშაობას, სადაც ამ სამსახურის კიდევ უფრო გამართულ მუშაობაში დაგვეხმარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.