,,იმერეთი თავისუფალი C ჰეპატიტისგან” ამ სახელწოდების კონფერენცია დღეს ქუთაისში გაიმართა

15/02/2020

“იმერეთი თავისუფალი C ჰეპატიტისგან” ამ სახელწოდების კონფერენცია დღეს ქუთაისში გაიმართა. შეხვედრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გახსნა. პროგრამის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გლობალურად ელიმინაციის მისაღწევად, მნიშვნელოვანია რეგიონულ დონეზე მაქსიმალური და სრული მობილიზაცია გაკეთდეს, როგორც სამედიცინო საზოგადოების ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით.
ასევე ისაუბრეს, რომ იმერეთის რეგიონში განხორციელებული აქტივობები უნდა იყოს მაგალითი მთელი ქვეყანისთვის თუ როგორ შეიძლება დავამარცხოთ C ჰეპატიტი ერთ კონკრეტულ რეგიონში და ამით არა მხოლოდ ათასობით ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ არამედ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ინტერესი და ცნობადობა იმერეთის რეგიონისადმი. დღესვე, ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების გატარებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ. C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული მიზნის მისაღწევად, საჭიროა ყველა მოზრდილი ადამიანის (2,8 მლნ პირი) ერთხელ მაინც გამოკვლევა C ჰეპატიტზე, ქრონიკული C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის (135 000 ადამიანის) გამოვლენა, მათი 95%-ის (128 250 ადამიანის) მკურნალობა, ნამკურნალებ პირთა 95%-ის (122 000 ადამიანის) განკურნება.
დღეის მდგომარეობით, C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიან ეროვნულ ბაზაში დარეგისტრირებულია 3.6 მლნ სკრინინგის მონაცემი. გამოკვლეულია 1.84 მლნ მოზრდილი უნიკალური პირი (სამიზნე მაჩვენებლის 64,5%), რომელთაგან C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი აღმოჩნდა 147.8 ათასი პირი (სამიზნე მაჩვენებლის 68,7%), გამოვლენილია ქრონიკული ინფექციის მატარებელი 83,5 ათასი პირი (სამიზნე მაჩვენებლის 61,8%), მკურნალობაში ჩართულია 65,2 ათასი პირი (სამიზნე მაჩვენებლის 51%), ხოლო ნამკურნალებ პაციენტთა შორის განკურნების მაჩვენებელი შეადგენს 98.7%-ს. აღნიშნული მაჩვენებლებით, საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე, მსოფლიოში არის ერთ-ერთი უპირობო ლიდერი. 2019 წელს ჩატარდა C ჰეპატიტის C ჰეპატიტის 384 ათასი სკრინინგი და გამოვლენილი იქნა 4,3 ათასზე მეტი ანტისხეულდადებითი პირი, ხოლო 2020 წელს რეგიონებში (თბილისის გამოკლებით, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით) დაგეგმილია 600 ათასი სკრინინგის ჩატარება.
კონფერენციას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის ექიმები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0