ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამარტივებული წესით მოთხოვნილი კანონპროექტები განიხილეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ სხდომაზე „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და იგი მიზნად ისახავს კერძოდ კი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებმა 2021 წლის 1 იანვრის ნაცვლად, 2021 წლის 1 ივნისამდე უნდა უზრუნველყონ ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24 საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემა. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები ასევე გამარტივებული წესით განხილვისთვის წარმოადგინა. დიმიტრი ხუნდაძემ ქვეყანაში კოვიდ-19 გამოწვეულ ეპიდვითარებაზე და ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტებით მთავრობას 6 თვით, 2021 წლის 1 ივლისამდე გაუხანგრძლივდება ვადა, რათა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს და აკონტროლოს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება და მიიღოს შესაბამისი ზომები. „იმედი მაქვს, რომ 6 თვის შემდეგ აღარ დაგვჭირდება კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება, თუმცა ამისთვის საზოგადოება ვალდებულია დაიცვას ის რეკომენდაციები და წესები, რომელსაც საკონსულტაციო საბჭო გასცემს“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სხდომაზე პარლამენტის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა მისი საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტთა პაკეტი წარმოადგინა, რომელიც შრომის კოდექსის კანონმდებლობას შეეხებოდა. მისი განცხადებით, შრომის კოდექსში სხვადასხვა დროს რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, რამაც რიგი ნორმების და ტერმინების დუბლირება გამოიწვია. ცვლილებების თანახმად, აღნიშნული ხარვეზების გამოსწორება და დაზუსტება მოხდება. კომიტეტის წევრებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს სხდომაზე განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას. სხდომის დასასრულს დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის წევრებს კომიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავების დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და დოკუმენტში ასახვის მიზნით, მათი იდეების და ხედვების წარდგენის წინადადებით მიმართა.