იმედი მაქვს, რომ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს დაჩქარებული წესით

21/07/2016

არაერთხელ გავაფრთხილე ხელისუფლება, რომ ავტომატურად არ გაეგრძელებინა სანქციები რუსეთისათვის, – ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი რუსეთის დუმის მთავრობისადმი მიმართვას, ქართული ღვინისა და „ბორჯომის“ რუსეთის ტერიტორიაზე იმპორტის შეწყვეტასთან დაკავშირებით.როგორც ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებას არ ეყო გონიერება, რომ ავტომატურ რეჟიმში არ გაეგრძელებინა სანქციები, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს ისე შემოიღო, რომ არც კი იცოდნენ ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა.

„საქართველოს ხელისუფლებაში არავინ არ დააფასა და არ დაინახა ის, რომ 2014 წლიდან დღემდე, რუსეთს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არანაირი საპასუხო რეაგირება, ქმედება ან შემხვედრი სანქციები არ განუხორციელებია საქართველოსთან მიმართებაში. მე გავაკეთე ამასთან დაკავშირებით არაერთი მინიშნება, ვინაიდან კარგად ვიცოდი, რომ ეს იყო რუსეთის ხელისუფლების კეთილი ნების გამოვლენა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ყველა სახელმწიფოს მიმართ, სარკისებური სანქციები იქნა დაკისრებული რუსეთის მიერ, ერთადერთი გამონაკლისი იყო საქართველო.

„ჩვენმა ხელისუფლებამ კი ჩათვალა, რომ ეს არის ნორმა, რომ საქართველო უწესებს რუსეთს სანქციებს, ხოლო რუსეთი ამაზე რეაგირებას არ აკეთებს. მაშინ, როდესაც უკვე მთელი ევროპა საუბრობს რუსეთისათვის სანქციების მოხსნაზე, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ავტომატურ რეჟიმში კვლავ გაუგრძელა რუსეთს სანქციები, ბუნებრივია, რომ რუსეთის სათათბიროში და ხელისუფლებაში წამოიჭრა იდეა, რომ გვიპასუხონ ისევე, როგორც საქართველო იღებს გადაწყვეტილებებს მათ მიმართ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი არ მიიღებს ასე სწრაფად ზომებს საქართველოს პროდუქციის რუსეთის ბაზარზე კვლავ აკრძალვის თაობაზე, ვინაიდან ამით ძალიან ბევრი ადამიანი და კომპანია დაზარალდება.

„იმედი მაქვს, რომ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს დაჩქარებული წესით. შემოდგომაზე, არჩევნებით ხელისუფლება შეიცვლება და ჩვენი სახით ხელისუფლებაში მოვა გონიერი და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა, რომელიც დაიწყებს ფართომასშტაბიან მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან და რეალურად და საფუძვლიანად დაიწყებს პრობლემების მოგვარებას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის „ბორჯომის“ იმპორტი.როგორც რუსული მედია იტყობინება, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს საქართველოს და კიდევ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაახანგრძლივოს სანქციები ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2017 წლის 23 ივნისამდე.საქართველოსთან ერთად ევროკავშირის საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა.

ევროკავშირის საბჭომ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება 17 ივნისს გადაწყვიტა.
სანქციები ყირიმსა და სევასტოპოლის წინააღმდეგ პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0