იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მხრიდან მიღებული იქნება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება

24/03/2023

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.
მთავრობის წარმომადგენელმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრების: თეონა აქუბარდიას, ტარიელ ნაკაიძის, ანა ნაცვლიშვილის, გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, ხათუნა სამნიძის და დავით ბაქრაძის საინტერპელაციო კითხვებს უპასუხა.

„ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა და მათ შორის, საქართველო იმყოფება არათუ შემსუბუქდა, არამედ, კიდევ უფრო კომპლექსური გახდა და გართულდა. საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ კონსოლიდირებულია უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, რომელიც ურთულეს გამოწვევების წინაშე აყენებს საერთო უსაფრთხოების არქიტექტურას, სწორედ ამ პირობებში უწევს ჩვენს ქვეყანას ყველა იმ საგარეო მიზნისა და ამოცანის განხორციელება, რაც აქვს დასახული და რისი პირობაც საქართველოს მოსახლეობას მივეცით. მიუხედავად აღნიშნული გამოწვევებისა, ჩვენ განუხრელად ვახორციელებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი წარმატებისთვის საჭირო ამოცანებს,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ევროკომისიის მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს საკანონმდებლო ბაზის დაახლოების შესახებ თებერვალში გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში და მასში ასახული პოზიტიური შეფასება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

„იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მხრიდან მიღებული იქნება შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი 12 პრიორიტეტზე მუშაობას დაასრულებს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით და საკანონმდებლო ორგანოსთან აქტიური თანამშრომლობით დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ მომდევნო ანგარიშში ჩვენი ქვეყანა იყოს წარმოდგენილი ისევე პოზიტიურად, როგორც ეს იყო ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიშის წარმოდგენის დროს,“ – განაცხადა მინისტრმა.

მომხსენებელმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით, საერთაშორისო პარტნიორების მობილიზების კუთხით გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.

„ბიჭვინთის აგარაკის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და საზღვაო აკვატორიის ნაწილის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის საკითხი ცალსახად წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა საერთაშორისო საზოგადოება შესაბამისად ყოფილიყო ინფორმირებული და მომხდარიყო საკითხზე მკაფიო რეაგირება,“ – განაცხადა მინისტრმა დეპუტატის კითხვის საპასუხოდ და დასძინა, რომ ეს საკითხი განხილვის თემა იყო ქართული მხარის მიერ გამართულ ყველა ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ ვიზიტებისას.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, რათა ბიჭვინთის თემა რუსულ-ქართული კონფლიქტის სხვა განზომილებებს შორის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში დარჩეს და ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება ჩვენი პარტნიორების მხრიდან. მომხსენებელმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ICAO, რომელიც გაერო-ს სააგენტოს წარმოადგენს, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. შესაბამისად, რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწეულ საქმიანობაზე და განხორციელებულ ვიზიტებზე ისაუბრა.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის პრიორიტეტული ამოცანაა. გაწეულია დიდი სამუშაო კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით, მიღებულია მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, არსებულ კანონმდებლობაში შეტანილია ცვლილებები, შეიქმნა შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც პასუხობენ ცალკეული პრიორიტეტების მოთხოვნებს. 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესს ჩვენ ვუდგებით დამსახურებაზე დაფუძნებული პრინციპით და ჩვენს ევროპელ კოლეგებთან საუბრისას, ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს და იმ შედეგებს, რომელსაც საქართველო 12 პრიორიტეტის განხორციელების, ზოგადად, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში აჩვენებს,“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0