იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ინფლაციის მაჩვენებელს დაღმავალი ტრენდი ექნება

14/12/2022

„საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს. ერთადერთი რაც ამ შედეგებს გარკვეულად „აუფასურებს“ არის ინფლაცია. რომ არა ჩვენთან არსებული მაღალი ინფლაცია მოსახლეობა გაცილებით უკეთ იგრძნობდა თავის ჯიბეზე ეკონომიკური ზრდის დადებით ეფექტს“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის „2023-2025 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“ განიხილეს. თანამომხსენებელმა ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ინფლაციის შემცირების და „თარგეთთან“ დაახლოებისათვის.

„2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3 პროცენტია, შესაბამისად, ბოლო 5 წელია პარლამენტი ამტკიცებს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს 3%-იან დონეზე, მაგრამ ფაქტობრივი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება მიზნობრივისგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდია გამოჩნდა ინფლაციის დასტაბილურების ნიშნები და იმედი მაქვს, მომავალი წლიდან მას დაღმავალი ტრენდი ექნება“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0