ევროპის მუზეუმების ფორუმზე, რომელიც 3-6 მაისს ბარსელონაში გაიმართა, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს „სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ გადაეცა. ევროპის მუზეუმების ყოველწლიურ კონფენერციასა და დაჯილდოების ცერემონიაზე (EMYA 2023) სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
EMYA 2023-ის ჟიურის მხრიდან ევროპის ექვსმა მუზეუმმა სპეციალური ჯილდოები მოიპოვა. დიდ ბრიტანეთთან, ნიდერლანდებთან, ავსტრიასთან, ბელგიასთან და შვეიცარიასთან ერთად, განსაკუთრებული აღიარება თბილისში მდებარე ლიტერატურულ-მემორიალურმა მუზეუმმაც დაიმსახურა, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელობისაა.
„პირველი განსაკუთრებული ჯილდო დაიმსახურა მუზეუმმა, რომელიც პატივს მიაგებს მე-19 საუკუნის ერთ-ერთ გამოჩენილ ეროვნულ მოღვაწეს, რომლის საქმიანობაც შეფასებულია, როგორც ეროვნული თავისუფლების, გათავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოდ. აღნიშნული მემკვიდრეობის სულისკვეთებით, მუზეუმი თავის ვიზიტორებს დაააფიქრებს ისტორიულ ბრძოლებზე და მათგან საზოგადოების თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად, შთაგონებას იღებს“, – ნათქვამია ევროპის მუზეუმების ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ილია ჭავჭავაძის სახელობის განახლებული ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, რომლის რეაბილიტაციაც „თბილისის განვითარების ფონდმა“ განახორციელა, 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა. მუზეუმი საზოგადო, სოციალური და კულტურული ცხოვრების შესახებ ქვეყნის ისტორიას ასახავს. შენობა 1880 წელს აშენდა, სადაც ილია ჭავჭავაძე 1889-1901 წლებში ცხორობდა და მოღვაწეობდა. ამავე შენობაში განთავსებული იყო გაზეთ „ივერიის“ სტამბა. ევროპის მუზეუმების ფორუმი სოციალურ ქსელ „ფეიქბუქში“ ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის შესახებ ვიდეორგოლსაც აქვეყნებს.
„აღნიშნული მუზეუმი თანამედროვე საქართველოს ევროპული მისწრაფებების კონტექსტში მნიშვნელოვანია. შენობა მკაფიოდ გამოხატავს, რომ ქვეყნის გასაბჭოებამდე, საქართველო ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო“, – ნათქვამია ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ გავრცელებულ ვიდეორგოლში.
მუზეუმის ამჟამინდელი შენობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებას 2016 წელს გადაეცა, 2017 წელს კი მუნიციპალიტეტის მერიამ მისი სრული რეაბილიტაცია დაიწყო. განახლდა მუზეუმის საგამოფენო და მემორიალური სივრცეები, მოეწყო თემატური დარბაზები, სადაც განთავსებულია მემორიალური ნივთები, საგამოფენო ობიექტები, ნაბეჭდი მასალა და ინსტალაციები. გარდა ამისა, მუზეუმში განთავსებულია კაფე, საგანმანათლებლო სივრცე, სახელოსნო და სამუზეუმო მაღაზია. შენობა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ამავე დაჯილდოებაზე საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის კატეგორიაში ასევე, გამარჯვებულად გამოცხადდა ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც საქართველოს მუზეუმების გაერთიანებაში შედის.