ივანიშვილის ფაქტორი პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია და არ ვაპირებ თქმას, რომ ეს ასე არ არის

15/04/2016

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი დღევანდელ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია და მე არ ვაპირებ იმის თქმას, რომ ეს ასე არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას ივანიშვილთან აქვს ძალიან ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა.

”ჩემი დამოუკიდებლობის შეფასება, ალბათ, ყველაზე კარგად ჩვენს თანამოქალაქეებს შეუძლიათ. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქართულ პოლიტიკაში და ვფიქრობ, კიდევ არაერთ სასიკეთოს გააკეთებს. რაც შეეხება ჩემს მასთან ურთიერთობას, მე ყოველთვის მქონდა მასთან ღია, გულწრფელი ურთიერთობა.არასდროს ვერიდებოდი მასთან დებატებს და არაერთ საკითხზე მქონია ძალიან მწავავე კამათი – მისი მხრიდანაც არასდროს ყოფილა ეს უარყოფითად მიღებული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, არც ის არის დასამალი, რომ ივანიშვილის ინიციატივა იყო მისი კანდიდატურა ყოფილიყო წარდგენილი პრემიერის პოსტზე.

”მე არ ვაპირებ, ტყუილები ვილაპარაკო. ეს იყო მათ შორის იმის შედეგადაც, რომ მე არასოდეს დამიმალავს მასთან ჩემი აზრი, არც ერთ პრინციპულ საკითხთან მიმართებაში არ გამიკეთებია კომპრომისი იმ კუთხით, რომ არ მეთქვა სიმართლე. რაც შეეხება მის ჩართულობას ქართულ პოლიტიკურ მომავალში და წინასაარჩევნო პროცესში, ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი იქნება. ის გახლავთ ”ქართული ოცნების” დამფუძნებელი და მას აქვს მორალური უფლება, რომ საკუთარი მოსაზრებები და მხარდაჭრა გამოთქვას. ამას მემგონი ვერავინ აუკრძალავს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0