,,იაფი სახლის“ კრიტერიუმების დამდგენი კომისიის შეხვედრა გაიმართა

08/07/2016

ბათუმის მერიაში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის, ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟის“ პროგრამის, „საცხოვრებელი სახლების მშენებლობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, საცხოვრისის შესაბამისი პირების გადაცემისათვის აუცილებელი პირობებისა და კრიტერიუმების დამდგენი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე პროგრამის მეთოდოლოგიის საბოლოო ვარიანტი წარმოადგინეს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გამოყოფილმა კონსულტანტებმა მოამზადეს.
განისაზღვრა იმ ოჯახების კატეგორია, რომლებიც ბინის იაფად შეძენას შეძლებენ. დაკონკრეტდა პირობებიც. საცხოვრებლის შეძენა შეეძლებათ ერთსულიან ოჯახებს, თვეში 400-დან 1200 ლარამდე შემოსავლით, ორსულიან ოჯახებს – 400-დან 1800 ლარამდე შემოსავლით, სამსულიან ოჯახებს – 600-დან 2800 ლარამდე შემოსავლით, ასევე – ოთხ და მეტსულიან ოჯახებს 3000 ლარამდე შემოსავლით. ერთი და ორსულიანი ოჯახები 37 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თვეში 189 ლარად მიიღებენ, სამი და ოთხსულიანი ოჯახები 58 კვადრატულ მეტრს – 301 ლარად, ხუთი და მეტი სულის შემთხვევაში კი, ოჯახს 73 კვარადტული მეტრი საცხოვრებელი ერგება თვეში 374 ლარად. კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამით მოსარგებლე ოჯახს სტაბილური შემოსავალი უნდა ჰქონდეს, ოჯახში მინიმუმ ერთი სრულწლოვანი პირი ბათუმში უნდა იყოს რეგისტრირებული, ოჯახის საკუთრებაში არ უნდა ფიქსირდებოდეს 10 კვმ-ზე მეტი ფართი, ხოლო ხელფასი უნდა შეადგენდეს ყოველთვიურად შესატანი მინიმალური თანხის ორმაგ ოდენობას. საცხოვრებლის გამოსყიდვის ხანგრძლივობა 15 წელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0