პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და 79 ხმით დაუჭირეს მხარი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვროს სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და სალიცენზიო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამდგენი უფლებამოსილი პირი, რომლის მიერაც გაიცემა სათანადო დოკუმენტი. კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრება, რომ იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის უფლება აქვთ სპეციალურად ამ მიზნით, სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს, რომლითაც, ასევე, განისაზღვრება შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი. წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი დაუჭირა
15/05/2024