შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ბრიფინგი გაიმართა თემაზე “გრიპის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობა ქვეყანაში და დამატებითი რეკომენდაციები” . იანვრის სამი კვირის განმავლობაში საქართველოში გრიპის შემთხვევების ზომიერი მატება ფიქსირდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცენტრის ხელმძღვანელმა ქვეყანაში გრიპის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. ცენტრში აცხადებენ, რომ 2016 წლის მესამე კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს.
“მეორე კვირაში 100 000 მოსახლეზე მაჩვენებელი დაახლოებით 240-დან 248-ის ფარგლებში იყო, მესამე კვირის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა დაახლოებით, 332-მდე მოიმატა. ასევე მოიმატა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა და ჰოსპიტლებში მიმართვიანობამ, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში დომინირებს A ტიპის H1N1 ვირუსი. დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია 115 შემთხვევა, აქედან 111 H1N1 -ია, 4- H3N2-ი. გრიპის მიერ განპირობებული გარდაცვალების 4 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 3 შემთხვევა გამოწვეული იყო H1N1-ით, 1 კი H3N2-ით.
დასასრულს, ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ გრიპის შემთხვევების ზომიერი ზრდა ფიქსირდება და “განსაკუთრებულ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს”.
“საპანიკო და სააჟიოტაჟო არაფერი გახლავთ. იანვარია, ყოველ იანვარში და ზათარში საქართველოში გრიპი გვაქვს, გრიპი ყოველთვის იქნება. ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მინიმალური დაზიანებით გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან”, – დასძინა ამირან გამყრელიძემ და მოსახლეობას ძირითადი სანიტარულ-ჰიგიენური რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.