თხილის პროგრამაში ჩასართავად 5000მდე ფერმერმა ასოციაციას მიმართა

05/03/2019

თხილის დაცვის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს ხელისუფლების და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები აქტიურად ახორციელებენ. შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახაოსა და ონოღიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრო. მან ადგილობრივებს, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად სახელმწიფო პროგრამა გააცნო და მეთხილე ფერმერებს მასში აქტიურად მონაწილეობისკენ მოუწოდა.
კამპანია მიზნად თხილის მოსავლის გადარჩენას ისახავს. ასოციაცია, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 200-მდე სოფელში, ფერმერებს თხილის მოვლის შესახებ ინფორმაციას პირადად მიაწვდის. პროგრამის ფარგლებში თხილის მოვლის ყველა ეტაპზე, მოხდება ფერმერებისთვის აგრონომების რეკომენდაციის გაწევა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა.
პროექტის ფარგლები სახელმწიფომ შეისყიდა და ასოციაციას გადასცა 2000 ერთეულ მაღალი ეფექტურობის შესაწამლი აპარატი და უსაფრთხოების საშუალებები, რომელიც მეთხილე ფერმერებს გადაეცემა. ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ ფერმერები შეღავათიანი პირობებით შეძლებენ შეიძინონ სასუქი, პრეპარატები და პესტიციდები. პროგრამა 1 მარტს დაიწყო და ასოციაციას გაწევრიანებისთვის უკვე მიმართა 5 ათასამდე ფერმერმა. ასოციაციაში გაწევრიანება უფასოა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, გასული წლის შემოდგომაზე, მოსახლეობისთვის კომპეტენტური კონსულტაციის გაწევის მიზნით რეგიონის სოფლებში შეხვედრები გაიმართა. კარდაკარის პრინციპით სხვადასხვა ჯგუფები მოქალაქეებს თხილის მოვლის და მავნებელთან ბრძოლის ეფექტურ საშუალებებს თხილის ბაღებშივე აცნობდნენ. ჯგუფების მუშაობაში აქტიურად იყო ჩართული ალექსანდრე მოწერელია.
თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, ახალ პროექტს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობების, კომპანია ,,ფერეროსა” და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0