სამეგრელოს რეგიონში თხილის კულტურის მავნებლებთან ბრძოლის კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა. ფაროსანა ხოჭოსა და 200-ზე მეტი სახეობის სოკოვან, თუ სხვა დაავადებასთან ბრძოლა “კარდაკარის” პრინციპით გრძელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, პროექტის ფარგლებში შექმნილ ჯგუფთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას ორ სხვადასხვა უბანში შეხვდა. ადგილობრივებმა ალექსანდრე მოწერელიას თხილის ცუდი მოსავლით გამოწვეული მატერიალური პრობლემები გააცნეს. მათი თქმით, ისინი მობლიზებული არიან, რომ არსებული პრობლემებისაგან თავის დაღწევის მიზნით, შეძლებისდაგვარად დაიცვან წამლობის გრაფიკი. გუბერნატორი ადგილობრივ მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა.
ალექსანდრე მოწერელიამ კოოპერატივების დაფუძნების აუცილებლობასა და კორეული სახელმწიფო მოდელის საქართველოში შესაძლო დაფუძნებაზე ისაუბრა. კორეული მოდელით მოსახლეობის მიერ შექმნილი კოოპერატივების საქმიანობაში სახელმწიფოს გადამწყვეტი მნიშვნელობის წვლილი შეაქვს და მათზე პასუხისმგებლობას მხოლოდ კოოპერატივის საქმიანობის გაძლიერების შემდეგ იხსნის. თხილის კულტურის მავნებლებთან ბრძოლის კამპანია ინტენსიურად მიმდინარეობს და პროექტის ფარგლებში, გუბერნატორი რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჩავა.
თხილის მავნებლებთან ბრძოლა “კარდაკარის” პრინციპით გრძელდება
14/11/2018