თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს

02/08/2016

თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში სადღესასწაულო წირვაზე მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს.
სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა დასრულდა, რომლის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა დღევანდელ დღეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ჩვენ სამი ილიას დღესასწაულს აღვნიშნავთ.
პატრიარქის თქმით, ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია პირველის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების დღეა.

„სამივე ილიას ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა უწმინდესმა.

ასევე მეუფე ანანიამ პატრიარქს მიმართა და მისი ანგელოზის დღე მიულოცა. მღვდელმთავარმა უწმინდესის ღვაწლზე ვრცლად ისაუბრა. კერძოდ, მეუფე ანანიამ განაცხადა, რომ კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის მეშვეობით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა, გაიზარდა ეპარქიების რიცხვი, გაიხსნა მრავალი სკოლა, სასწავლებელი და უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს ახალ სიმაღლეზე აიყვანს.
მეუფე ანანიას შემდეგ პატრიარქმა მიმართა ტაძარში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, მინისტრებს და მადლობა გადაუხადა ტაძარში მოსვლისათვის.

„მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და ილოცეთ ჩვენთან ერთად, წმინდა ილია წინასწარმეტყველი ძლიერი წმინდანია, თვით სახელში ორჯერ არის ნახსენები ღმერთი (უფალი ჩვენი ღმერთი) თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, -განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა ამბიონზე მიიწვია პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და ისინი დალოცა.
ტაძარში მსახურებას ასევე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0