თუ ქალბატონი ანა აპირებს გახდეს სტრასბურგის მოსამართლე, რატომ არის დღეს მისი კანდიდატურა დაყენებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ?!, – ამის შესახებ აკაკი მინაშვილმა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, ანა დოლიძის კანდიდატურას განიხილავენ. როგორც მინაშვილმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობაც სურს, ბევრ კითხვას აჩენს.
“ანა დოლიძემ, საკუთარი კანდიდატურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარადგინა, კონკურსში მონაწილეობდა და გავიდა იმ ხუთეულში, რომელიც შეარჩია კომისიამ. ეს ცოტა გაუგებარია. თუ ქალბატონი ანა აპირებს გახდეს სტრასბურგის მოსამართლე, რატომ არის დღეს მისი კანდიდატურა დაყენებული?! არის თუ არა ეს დაზღვევა გარკვეულწილად, რომ მისი სამსახურებრივი უზრუნველყოფა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არ შეარჩიეს. ან არის თუ არა ეს ის შემთხვევა, როცა მას სჭირდება საკუთარ ბიოგრაფიაში ჩაწეროს, რომ არის უზენაესი სასამართლოს მოსამართე და ამით დამატებითი პლუსები შეიძინოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომელიც საბოლოო შერჩევას ახდენს. ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს”, – განაცხადა მინაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ასევე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენისას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სიტყვები გაიხსენა და აბაშიშვილს ჰკითხა, რამდენად სანდოა პრეზიდენტის პოზიცია, როდესაც ერთის მხრივ პრეზიდენტი ნინო გვენეტაძის პრინციპულობაზე საუბრობდა, თუმცა მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლის უკანონობაზეც საბჭოში პრეზიდენტის წარმომადგენელიც საუბრობს.
“რამდენიმე თვის წინ თქვენ წარმოადგინეთ ქალბატონი ნინო გვენეტაძის კანდიდატურა და მაშინ ამბობდით, რომ ეს ქალბატონი არის პრინციპული ადამიანი, ხელს შეუწყობდა სასამართლოს რეფორმას და დამოუკიდებლობას. რა შედეგი მივიღეთ, ეს ყველამ თვალნათლივ დაინახა და მათ შორის თქვენმა წარმომადგენელმა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ბატონმა მჭედლიშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ ბატონი ახვლედიანის მოხსნა იყო კანონდარღვევა და ამ მოხსნას და გადაყენებას მხარი დაუჭირა ნინო გვენეტაძემ, ანუ მთლიანად ჩაერთო იმ “მაფიაში”, რომელიც დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს. ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ ქალბატონი ნინო გვენეტაძე, “ვარდების რევოლუციამდე” იცავდა კორუფციას და თავს ესხმოდა მედიას და დღესაც ანალოგიურს აკეთებს, როდესაც თავს ესხმის მოსამართლეს, რომელმაც გაამჟღავნა კორუფციული ფაქტი ერთი მხრივ და მეორე მხრივ იცავს იმ ადამიანებს, ვინც ხელი შეუწყო ამ კორუფციული ფაქტების განხორციელებას. მათ შორის, მე ვსაუბრობ საგამოცდო ტესტების გამჟღავნებაზე. რამდენად სანდოა ამ შემთხვევაში პრეზიდენტის პოზიცია, როდესაც ჩვენ რამდენიმე თვის წინანდელი ნეგატიური გამოცდილება გვაქვს?!”, – განაცხადა მინაშვილმა საკომიტეტო მოსმენისას.