მე რომ არ ვცხოვრობდე საქართველოში, ნამდვილად ვიფიქრებდი, რომ მე ვუსმენ საფრანგეთის ან გერმანიის ფინანსთა მინისტრს, – ასე შეაფასა ”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა მის ფრაქციასთან შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის გამოსვლა. მისი თქმით, ”პატრიოტთა ალიანსი” 2017 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.
”მე თქვენ ყურადღებით გისმენდით. მე რომ არ ვცხოვრობდე საქართველოში, ნამდვილად ვიფიქრებდი, რომ მე ვუსმენ საფრანგეთის ან გერმანიის ფინანსთა მინისტრს. მე ძალიან მიხარია, რომ თქვენ მოგინდათ მოფერებოდით იმ უმცირესობაში მყოფ ქალბატონს, რომელმაც თურმე ბღუჯა ამოიღო ლარების. მე გამიხარდებოდა, რომ ასეთი ქალბატონი ბევრი იყოს და ეს თქვენც გაგიხარდებოდათ, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, თქვენ ხატოვნად ხედავთ, ზემოდან უყურებთ ცხოვრებას და ჰაწვალიდან უყურებთ საქართველოს. საქართველო ქვემოთ არის, ხალხშია, სადაც 50 000 ბავშვი შიმშილობს, სადაც 50 000-ზე მეტი დედა არასათანადოდ იკვებება, სადაც ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, სადაც ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დიდი აქცენტი კეთდება, მაგრამ ჩვენ იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც 300 ბავშვი წელიწადში კვდება შიმშილით. თქვენ მოგვიგებთ ციფრებით მანიპულაციებით, მაგრამ მეც მოგიგებთ ჟურნალისტური ჟანრები რომ დავშალო, თუმცა გარეთ უნდა შევხედოთ რეალობას. თუ ასე მაგრები ხართ, თუ ასეთი ჭკვიანები და კონპეტენტურები ხართ, ლარი ასე რატომ გაგექცათ? ქვეყანა და ხალხი ასე რატომ გააღარიბეთ? რატომ იტყუებოდით ამ დარბაზიდან როცა ამბობდით რომ პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება? მოგიწოდებთ, რომ ჰაწვალიდან ბარში დაეშვათ, სადაც 50 000 ბავშვი გვიკვდება შიმშილისგან”, – მიმართა ინაშვილმა ქუმსიშვილს.