თუშეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმას საქართველოს მთავრობა, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებს

28/06/2016

საქართველოს მთავრობა, თუშეთის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით შეიმუშავებს. მთიანი რეგიონების განვითარების საკითხზე შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას სურს, ჩამოაყალიბოს პლატფორმა, რომელიც ჩაატარებს კვლევას და გააანალიზებს, რა სახის მოდელით უნდა განვითარდეს საქართველოს მთიანი რეგიონები, განსაკუთრებით კი, უნიკალური ეკოსისტემისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების გათვალისწინებით.
შვეიცარულმა და ქართულმა მხარეებმა, პრეზენტაციები გამართეს, რის შემდეგაც შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
პრეზენტაციისას, შვეიცარიის ტურიზმისა და რეგიონალურ პოლიტიკაზე ისაუბრა ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის განყოფილების ხელმძღვანელმა ერიკ იაკობმა. ელჩმა წარადგინა ის ინსტრუმენტები და რეგიონალური პოლიტიკისა და ტურიზმთან დაკავშირებული მექანიზმები, რომლებსაც შვეიცარია იყენებს.
ერიკ იაკობმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრას საინტერესო უწოდა და მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
“საქართველოს დელეგაციისგან შევიტყვეთ ქართული ტურიზმის პოტენციალის შესახებ, გავიგეთ ბევრი რამ თუშეთის პროექტის შესახებ, რაც საკმაოდ საინტერესოა. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს, ტურიზმის კუთხით, უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და არსებობს მიმართულებები, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია. მათ შორისაა, ხელმისაწვდომობა – რომლის ზრდაც ტურისტულად მიმზიდველი რეგიონების განვითარებისთვის აუცილებელია. მიმაჩნია, რომ განსხვავებული, ულამაზესი ლანდშაფტი, მთები, რომლებიც ზამთრის სპორტის განვითარების საშუალებას იძლევა, ზღვის სანაპირო, ლანდშაფტებისა და კულტურათა მრავალფეროვნება საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალის მანიშნებელია. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას. ორივე ქვეყანა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრებს წარმოადგენენ. შევთანხმდით, რომ, უპირველეს ყოვლისა, ღვინის ტურიზმის დარგში ვითანამშრომლებთ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში, სექტემბერში დაგეგმილია კონფერენცია, ამდენად, მოუთმენლად ველით საქართველოსთან გამოცდილების გაზიარების მომავალ შესაძლებლობას”, – განაცხადა ერიკ იაკობმა.
თუშეთის განვითარების შესახებ პრეზენტაცია გამართა მთიანი რეგიონების განვითარების საერთაშორისო ექსპერტმა პაატა შანშიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სამთო რეგიონების განვითარების მიმართულებით საინტერესო თანამშრომლობაა შესაძლებელი.
მთავრობის მეთაურმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ სხვა შეხვედრებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ შეაფასა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტაინის, ისლანდიასა და ნორვეგიას აერთიანებს.
“ეს არის 14-მილიონი დამატებითი მომხმარებელი საქართველოში წარმოებული პროდუქციისათვის, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პრემიერმა.
შეხვედრას შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის პოლიტიკის ხელმძღვანელი რიხარდ კემპფი, ეკონომიკის სამინისტროს რეგიონული და დაგეგმვის პოლიტიკის ხელმძღვანელი ანეტე შპოერი, ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის განყოფილების ხელმძღვანელი ერიკ იაკობი და შვეიცარიის ტურიზმის ახალი ბაზრებისა და სპეციალური პროექტების დირექტორი, ფედერიკო სომარუგა, ხოლო ქართული მხრიდან – პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში ირაკლი ყურაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0