ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და შსს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, თსუ-სა და შსს აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მრავალ ასპექტს გულისხმობს, მათ შორის, სტუდენტების სტაჟირებას. „ძალიან გვიხრია, რომ შედგა ეს თანამშრომლობა. ვვარაუდობთ, ბევრ საქმეში შევეხიდებით ერთმანეთს, ეს იქნება ჩვენი სტუდენტების გაგზავნა შსს-ს აკადემიაში, კრიმინოლოჯისტიკური ლაბორატორიის გამოყენება, სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება ალპინიადის თუ ნებისმიერ სხვა ფორმატში თუ სხვა ბევრი საკითხი. ძალიან ფართო ველი არის თანამშრომლობის და გვიხარია, რომ შევძელით და დავაკონკრეტეთ რა მიმართულებით განვითარდება ჩვენი მომავალი თანამშრომლობა“-აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი და იმ ურთიერთობებს, რომელიც უკვე არსებობდა სასწავლებლებს შორის, სამართლებრივი სახე მივეცით. ეს მემორანდუმი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტი აქტივობები დავგეგმოთ. აკადემია თავის მხრივ, მზად არის თავისი რესურსები, მატერიალური ბაზა დაუთმოს თსუ სტუდენტებს, მისცეს შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება და პრაქტიკული მეცადინეობები. ასევე, დაგეგმილია სამეცნიერო დონეზე ურთიერთთანამშრომლობა. შსს აკადემია მოხარულია, რომ დღეს შეიძინა ისეთი ძლიერი პარტნიორი, როგორიც არის თსუ“- განაცხადა შსს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებს, ერთმანეთს გაუზიარებენ ინტელექტუალურ და ტექნიკურ რესურსებს, მოაწყობენ ერთობლივ სამუშაო შეხვედრებს, სემინარებს, კონფერენციებს; ხელს შეუწყობენ სასწავლო პროგრამებსა და პროექტებში პროფესორების, ინსტრუქტორების, ტრენერებისა და ინსტრუქტორების ჩართვას, მხარეთა შორის თანამშრომლობას პრაქტიკული სასწავლო პროგრამის (კლინიკის) ფარგლებში.